დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა

​2020 წლის მაისში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქვედა "ნამახვანი" ჰესის მშენებლობისთვის, რომელიც "ნამახვანის" ჰესების კასკადში შედის და 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია 433 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტი 105 მეტრიანი ბეტონის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს, რასთან დაკავშირებითაც გარემოსდამცველების და ადგილობრივების ნაწილი სეისმურ საფრთხეებზე საუბრობენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. რამდენად უსაფრთხოა რიონის ხეობაში ბეტონის კაშხლის მშენებლობა, კონკრეტულად რა მექანიზმებით ხდება საქართველოში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა როლი აქვს „ნამახვანის“ ჰესების კასკადს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის" თავმჯდომარე, დავით მირცხულავა ესაუბრა.

- „ნამახვანის“ ჰესის პროექტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაშხალს, რომლის მშენებლობაც იგეგმება, მიწისძვრა დაანგრევს და ქუთაისს 34მეტრიანი ტალღა დაარტყამს. რამდენად რეალურია მიწისძვრის შემთხვევაში კაშხლის დანგრევის საფრთხე?

- ამ საკითხს დიდი ხანია ვეცნობი პირადად მე და მთლიანად დიდი კაშხლების კომიტეტი. მინდა გითხრათ, რომ ბუნებაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ბეტონის კაშხალი სეისმური დატვირთვისგან დანგრეულიყო. იაპონიაშიც კი, სადაც ძლიერი მიწისძვრებია, არასდროს ყოფილა კაშხლის დანგრევის ან დაზიანების ფაქტი. ცხადია, სეისმური დატვირთვა გასათვალისწინებელია და სკურპლუოზურად არის ყველა ის პარამეტრი სანახავი. ასეთი კაშხლების შემთხვევაში ხდება სტატიკური და სეისმური დატვირთვების გაანგარიშება, რაც დინამიურ ანგარიშში აისახება. მე მაქვს ინფორმაცია და ანგარიშები „ნამახვანის“ შესახებ. დეველოპერმა საკმაოდ მაღალ პარამეტრებზე მოახდინა გაანგარიშებები იმის გათვალისწინებით, რასაც ყველა ნორმატიული აქტი თუ მსოფლიოს დიდი კაშხლების ასოციაციის რეკომენდაცია მოითხოვს, ასევე ამერიკული ნორმები ამ ტიპის ნაგებობებისთვის. ერთი თვის წინ ჩაატარა ამ სამუშაოების პრეზენტაცია შვეიცარიული კომპანია Stucky-ს წარმომადგენელმა და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი მაღალი პარამეტრებით საქართველოში არასდროს დათვლილა არცერთი ნაგებობა და ეს ნაგებობა აბსოლუტურად მდგრადია. ჩვენ ამ ნაშრომს ვუგზავნით დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის სეისმურ განყოფილებას რეცენზირებისთვის და ასევე, მივმართავთ სხვა უცხოელ სპეციალისტებს, რათა ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ამ ნაგებობის სეისმომედეგობა უზრუნველყოფილი იქნება. სეისმური დატვირთვით ასეთი კაშხალი არ ინგრევა. გრავიტაციული კაშხლები ყველაზე საიმედო კაშხლებად ითვლება.

- გარემოსდამცველების ნაწილი პროექტს აკრიტიკებს იმის გამოც, რომ მათი თქმით, პროექტზე არაა ჩატარებული გეოლოგიური კვლევები. რამდენად შესაძლებელია მსგავსი პროექტის გეოლოგიური კვლევის ჩატარების გარეშე განხორციელება?

- რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევებს, უამრავი გეოლოგიური კვლევაა ჩატარებული იმ მოცულობებით, რაც ამ ტიპის ნაგებობისთვის მოითხოვება. ამ ტიპის ნაგებობის მშენებლობის დროს ტარდება წინასწარი კვლევები, შემდეგ პროექტირების, მშენებლობის და ექსპლოატაციის ეტაპზე კვლევები უწყვეტად გრძელდება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი ყოველთვის. ამასთან, საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათთვის, ვისაც სპეციალური განათლება არ აქვს, გასაგებ ენაზე ახსნა, რომ კვლევები იმ მოცულობით ტარდება, როგორსაც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვკარნახობს.

- ზოგადად, როგორ რეგულირდება კაშხლების მშენებლობა საქართველოში?

- თავისი საინჟინრო სირთულით კაშხლები რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი კლასის ნაგებობებია და მიდგომაც შესაბამისია. მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ი გასცემს, რასაც წინ უძღვის არაერთი კვლევის ჩატარება და სამინისტროში წარდგენა. ცხადია, ტარდება კვლევები გარემოსდაცვითი მიმართულებითაც და არსებობს შესაბამისი მოთხოვნები კვლევების ხარისხთან დაკავშირებით.

„ნამახვანზე“ გარემოსდამცველები თუ საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ არ არსებობს გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმა და გეგმის გარეშე ხდება ასეთი დიდი ობიექტების მშენებლობა. ეს შეფასებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ჯერ კიდევ 2008 წელს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო - საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება. ფაქტობრივად, ესაა გეგმა 2008 წლიდან მომდევნო 15 წლის განმავლობაში რა ობიექტები უნდა განვითარებულიყო საქართველოში. ამ ნაშრომის თანახმად, ყველა თვალსაზრისით ითვლება, რომ „ნამახვანის“ ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი საქართველოს ენერგოსისტემაში, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაში. შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ეს ობიექტი არ სჭირდება, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, უბრალოდ დილეტანტიზმია და მეტი არაფერი.

- როგორ ხდება კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უშუალოდ ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ, რამდენად არსებობს გარანტიები უსაფრთხოების მიმართულებით?

- რა თქმა უნდა, ექსპლუატაციაში შესვლის ეტაპზეც უამრავი საექსპერტო დასკვნა იწერება, ტარდება გაზომვები. კაშხლები ექსპლუატაციაში შესაბამისი გამოკვლევების გარეშე არცერთ შემთხვევაში არ შედის და ამ საკითხს არც საერთაშორისო ორგანიზაციების ტოვებენ უყურადღებოდ.

- რამდენად საკმარისია საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფისა და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში?

- საქართველოში კაშხლების და წყალსაცავების მცირე რაოდენობა გვაქვს. ჩვენთან საუბარი არაა, რომ ბევრი ასეთი ნაგებობა აშენდეს. რამოდენიმე მდინარე გვაქვს, რომელსაც ასეთი პოტენციალი გააჩნია: რიონი და ენგური. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების გასაუმჯობესებლად, იმისთვის, რომ ენერგეტიკულად მდგრადი ქვეყანა ვიყოთ, აუცილებელია, რომ ჩვენი ჰიდრო რესურსი გამოვიყენოთ. უკვე წლებია ჰიდროპოტენციალის ათვისების 20%-იან მაჩვენებელზე ვართ. „ნამახვანის“ მსგავსი პროექტი ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით უზრუნველყოფს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა? ამასთან ცხადია, უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს ყველა კვლევა, რაც ასეც ხდება და საუბარი იმაზე, რომ კვლევები არ ტარდება, არასწორია.

- რა ფუნქცია აქვს „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულ კომიტეტს“ და რამდენად ხდება საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება?

- „მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის“ წევრი საქართველო 2011 წლიდან გახდა. საერთაშორისო კომისიის ძირითადი ფუნქციაა გამოცდილების, რეკომენდაციების გაზიარება ამ ტიპის ნაგებობების უსაფრთხოებისა და საიმედობის უზრუნველყოფისთვის. შემუშავებულია უამრავი ბიულეტენი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო გამოცდილებას მსოფლიოში და ყველა მონაწილე ქვეყანას ეგზავნება, რომ კაშხლების მშენებლობისას რეკომენდაციების სახით გამოიყენონ. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დახმარებით წელს ორი ბიულეტენი ითარგმნა, ერთი ეხებოდა სეისმური პარამეტრების გათვალისწინებას მაღალი კაშხლების პროექტირების დროს და მეორე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მონიტორინგისთვის გასატარებელ სამუშაოებს, რომ მთელი ციკლს განმავლობაში იყოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. მსგავსი ბიულეტენების თარგმნას გავაგრძელებთ, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს, თუ რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს ასეთი ტიპის ნაგებობებს და დეველოპერებს კაშხლების ხარისხიანად მშენებლობისთვის. ეროვნული კომიტეტი დარგის ყველა ორგანიზაციას და სპეციალისტს აერთიანებს და ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა დახმარება აღმოვუჩინოთ დეველოპერს, სახელმწიფოს ექსპერტული მომსახურებით და გავაცნოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში გვხვდება. თითქმის ყოველწლიურად ვატარებთ სამეცნიერო კონფერენციებს და ძირითადი თემატიკა კაშხლების უსაფრთხოების და საიმედობის უზრუნველყოფაა.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ