ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020

სასამართლო სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ - ოპოზიცია მოლაპარაკების თემას ცვლის

ნაწილობრივი ლოქდაუნის მე-5 დღე - რა ეფექტი მოჰყვა შეზღუდვების დაწესებას

ქვეყანა ვალებს ვეღარ გადაიხდის - “მომავალში სესხსაც აღარ მოგვცემენ”

* * *

სასამართლო სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ - ოპოზიცია მოლაპარაკების თემას ცვლის

“რამდენად შესაძლებელია გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს და ვინ იქნებიან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე დასთანხმდებიან? ეს მოლოდინი მას შედეგ გაჩნდა, რაც პარტიების ლიდერების ნაწილმა ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თუკი, მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანხმობა იქნება, ისინი კომპრომისზე წასასვლელად მზად არიან. თუმცა არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ამას დასთანხმდება. თუმცა “რეზონანსისთვის” სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება გარკვეული დათმობებისთვის მზად არის და ამის შესახებ ელჩებმა ოპოზიცის ლიდერებს სწორედ ინდივიდუალურად შეხვედრის დროს ესაუბრეს. მათ კონკრეტული მონახაზიც კი აჩვენეს, რაზეც ხელისუფლებასთან საუბარი შესაძლებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სასამართლო სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ - ოპოზიცია მოლაპარაკების თემას ცვლის.

“უფრო დეტალური განმარტებები ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან არ კეთდება. „რეზონანსთან“ საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე ხელისუფლების თანხმობასთან ერთად, მნიშნელოვანი იქნება მყარი გარანტიების მიღება, რომ “ოცნება” ამ დაპირებას არ გადათქვამს. ოპოზიციის ეს განცხადებები შესაძლოა იყოს საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი შემზადება სავარაუდო კომპრომისული შეთანხმებისათვის, რომელიც როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა შეიცვალა და ისინი უკვე კატეგორიულად აღარ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? ამაზე დაზუსტებით საუბარი ამ ეტაპზე ძნელია, თუმცა აშკარაა, რომ ორივე მხარემ საუბრის ტონი შეარბილა. ამის პარალელურად კი თავად ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კეთდება მინიშნებები, რომ ოპოზიცია მზადაა პარლამენტში შესასვლელად და მთავარი ისაა, თუ რომელი ოპოზიციური პარტია გადადგამს პირველი ამ ნაბიჯს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ მას ყველა მიჰყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ”, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში პირველი ნაბიჯის გადადგმა. “მთავარი ის არის, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ხელისუფლება. თუ არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა ხელისუფლებიდან, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ მაშინ არ შედგება მრავალპარტიული პარლამენტი. მაქვს მოლოდინი, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ პირველი სითამამე, გამბედაობა სწორედ იმ ადამიანებიდან უნდა წამოვიდეს, ვისაც მე მივეცი ხმა. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს, ვამბობ, რომ ოპოზიციამ გამბედაობა გამოიჩინოს და ნაბიჯი გადადგას”, - ამბობს ხიდაშელი, რომლის თქმით, მას სურს, ვისაც მისცა ხმა, ნახოს “პარლამენტში ხმლით და იარაღით შეიარაღებული - კონსტიტუციით და ცოდნით, რომ მინიმალური შანსი მაინც გაჩნდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ცვლილებების”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლიტიკური ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ გაუძღვნენ ხალხს და არა მუდმივად იყონ გაბატონებული აზრების მსხვერპლნი. გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ პირველი ვინც გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება”, - თქვა თინა ხიდაშელმა. “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “რეზონანსთან” ამბობს, რომ მათი პარტია ვერავის მხრიდან ვერც ბულინგის და ვერც ზეწოლის მსხვერპლი ვერ გახდება და თუკი ჩათვლიან, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს, მათ ამაში ხელს ვერანაირი დაცინვა და ქილიკი ვერ შეუშლით. “ჩვენი დაბულინგება მარტივი არ რის და მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტიაზე ზეწოლას ასე მარტივად ვერავინ მოახდენს”, - ამბობს ხვიჩია, რომლის განცხადებით, “თუკი “ქართული ოცნება” სასამართლო რეფორმაზე წავა, “გირჩი” პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევა”- დასძენს გამოცემა.

“მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენ გვჯერა თუ არა მათი დაპირების. ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავარი პოლიტიკური მიზანია. მე რომ მჯეროდეს ის შესრულდება, პარლამენტში შევლას ვერავინ დაგვასწრებს. უბრალოდ არარელევანტურია, რადგანაც ეს საკითხი რეალობაში არ დგას. თუ მეტყვიან - მოდი, დაპირება შესრულდა და შემოდიო, მასეც ვიზამ. შეიძლება “ოცნებაში” შესვლასაც კი დავთანხმდე, მაგრამ საკითხი ასე არ დგას. ხელისუფლებას ეს შემოთავაზება ჯერ არ ჰქონია. ამაზე მხოლოდ ოპოზიცია ვსაუბრობთ. პარტნიორებთან ერთად ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან რელური წინადადებები იქნება, ჩემთვის იყოს რაღაც დამაჯერებელი... რა თქმა უნდა, ელჩების გარანტორობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. ფალსილიტატორების ძალიან დიდი მადლობლები ვართ. შეიძლება მთავრობამ ამ ხალხის თანდასწრებით ამაზე პირობა დადონ. მილიონი სხვა შესაძლებლობები არსებობს. საუბარი იმაზეა, რომ ტყუილს ადგილი არ ჰქონდეს. რას ვიზამთ, “ქართული ოცნებას” საჯაროდ ნათქვამი სიტყვები უკანაც წაუღია. მართლსაჯულების სისტემის რეფორმა ძალაუფლების დათმობისკენ ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასეთი სხვა ფორმებიც შეიძლება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კონკრეტულზე ვთანხმდებით“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო ხვიჩია.

“პარტია “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე დიდად იქნება დამოკიდებული. თუმცა, იოსელიანი მოლაპარაკების გაგრძელებას მესამე რაუნდის შემდეგაც არ გამორიცხავს. “ნამდვილად ვფიქრობ, რომ ქუჩაში ყოფნას, პარლამენტში ყოფნა სჯობს, მაგრამ იქ ყოფნასაც აზრი უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა შევიდეთ ისეთ პარლამენტში, სადაც ყოფნას აზრი ექნება. ჩვენს სიტყვას და მანდატს ფასი უნდა ჰქონდეს. ზოგადად იმაზე საუბარი, რომ თუკი ხელისუფლება მოვა წინადადებით, მაგალითად, შეიქმნას საგამოძიებო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით და პარლამენტიდან ჩვენი ამომრჩევლების ხმებისთვის ვიბრძოლოთ, სიმართლეს გეტყვით, ზოგადად არ მჯერა ასეთი საგამოძიებო კომისიების მუშაობის. ამიტომ პოლიტიკური ნება თუ არსებობს რაღაცეებს მართლა მიხედო, ამას საგამოძიებო კომისიის შექმნა რად უნდა?! ნუ, ახლა თუ იქნება ოპოზიიცის შიგნით ამაზე შეთანხმება, ჩვენი პარტია წინააღმდეგი არ იქნება”, - აცხადებს იოსელიანი „რეზონანსთან“. რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფრმირებას, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ყველაზე ნაკლები მოლოდინი ამ საკითხთან აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამას დათანხმდა, მაშინ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, პროკურატურამ ის უნდა გააკეთოს, რაც კანონით ევალება და პოლიტიკური დაკვეთები არ უნდა შეასრულოს. ეს კი იმას ნიშნავს რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. ამიტომ მისთვის წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილი მართლსაჯულების სისტემას შეელევა, რადგანაც მისი ძალაუფლება რეალურად ამაზეა დამყარებული. “რომ ვიცოდე ამას თმობენ, რა თქმა უნდა პარლამენტში შევალ. ესე იგი “ოცნება” ხელისუფლებიდან მიდის და პარლამენტში შესვლას წინ რა უდგას? თუმცა აქ დღეს ამაზე საუბარი არ არის. ეს რეფორმა არავის შემოუთავაზებია. არავინ გვეუბნება, რომ ხვალ შოთაძე გადადგება და მურუსიძე თანამდებობიდან წავა. ასეთი რამე ხელისუფლების მხრიდან არ გაჟღერებულა. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბურთი მათ მოედანზეა და შემოთავაზება მათ უნდა მოიტანონ. ჩვენ ისიცი კი არ ვიცით მესამე რაუნდზე რა შემოთავაზებით მოდიან”, - აცხადებს იოსელიანი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციას შეუძლია ელჩების ჩართულობით არსებული წინადადებებზე ხელისუფლებისგან პირობა მიიღოს, რომ მას შესრულეს. ამის პარალელურად კი პარლამენტში უნდა შევიდნენ და ბრძოლა შიგნიდან გააგრძელონ. წინააღმდეგ შემთხვვაში, თუკი ხელისუფლებამ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გამართა და ოპოზიციამ მანდატებზე უარი დემონსტრაციულად თქვა, პოლიტიკური პროცესები საერთოდ ჩიხში შევა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივად ფიქრობს და იძულებულია პარლამენტში რაღაც კონკრეტული მოლაპარაკების პარალელურად შევიდეს. მოლაპარაკების მესამე რაუნდი თუ გაიმართება და ორივე მხარეს კონკრეტული წინადადებები ექნება, ელჩებთან ერთად დადონ გარკვეული ხელშეკრულება, შეთანხმება, რომლის საუძველზეც ორივე პირობას დადებს. ოპოზიცია იტყვის, რომ შევა პარლამენტში ამა და ამ პირობის გათვალისწინებით. ხელისუფლებაც ფალსილიტატორებთან ერთად ამ პირობას დადებს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ქვეყანაა უმძიმეს სიტუაციაში. ეს არის, როგორც პანდემიით გამოწვეული პრობლემები, ასევე ეკონომიკურ-სოციალური და პოლიტიკური. ამიტომ ოპოზიციაც ვალდებულია, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს. ქუჩაში დარჩენას აზრი არა აქვს. თუ ეს პატარა პარტიები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, 2024 წელს უბრალოდ აღარ იარსებებენ და ისევ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ნაწილობრივი ლოქდაუნის მე-5 დღე - რა ეფექტი მოჰყვა შეზღუდვების დაწესებას

“საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შემოღებიდან 5 დღე გავიდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას ინფიცირებიდან საშუალოდ ხუთი დღე სჭირდება. შესაძლებელია თუ არა ამ 5-დღიანი პერიოდის შემდეგ რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება, თუ რა კონკრეტული ეფექტი აქვს ახალ შეზღუდვებს? კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უშუალოდ შეზღუდვების შემოღების დღეს, 28 ნოემბერს, კორონავირუსული ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 472-ს შეადგენდა, ხოლო 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რიცხვი 3 759-ია. 28 ნოემბერს გარდაცვლილთა რიცხვი 34 ადამიანი იყო, ხოლო 1-ლ დეკემბერს - 36”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნაწილობრივი ლოქდაუნის მე-5 დღე - რა ეფექტი მოჰყვა შეზღუდვების დაწესებას.

“ჯერჯერობით რაღაც ეფექტს არც ველოდებით, ეს სადღაც ორი კვირის თავზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - სიკვდილიანობა შემცირებას კიდევ უფრო გვიან დაიწყებს. ასეთია ეპიდემიის გავრცელების ლოგიკა, ჯერჯერობით ამის თქმა შეგვიძლია”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე. როგორც ის ამბობს, ეპიდსიტუაცია რაც დღესაა იმის შედეგია, რაც ორი-სამი კვირის წინ ქვეყანაში ხდებოდა. ახალი შეზღუდვების შედეგს კი, ეპიდემიის გავრცელების ლოგიკიდან გამომდინარე, ორი კვირის თავზე მივიღებთ. „ჯერჯერობით რაღაც ეფექტს არც ველოდებით, ეს სადღაც ორი კვირის თავზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - სიკვდილიანობა შემცირებას კიდევ უფრო გვიან დაიწყებს”, - განმარტავს რესპონდენტი, რომლის აზრით, “ასეთია ეპიდემიის გავრცელების ლოგიკა, ჯერჯერობით ამის თქმა შეგვიძლია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა რასაც დღეს ვიღებთ, ესაა იმის შედეგი, ორი ან სამი კვირის წინ რაც ხდებოდა. თუ ჩვენ პირველი დღიდან რეგულაციების დაცვა დავიწყეთ, დარღვევები და აქციები კვლავ არ იყო და ა.შ., ჩავთვალოთ, რომ ჯერ შენელება უნდა მოხდეს, ანუ შემთხვევების მატება უნდა შემცირდეს და მერე დაღმავალზე უნდა წამოვიდეს და გარკვეულ რაოდენობაზე დასტაბილურდეს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე და შეკითხვაზე - “სიკვდილიანობის შემცირებას როდის შეიძლება ველოდოთ?” - პასუხობს:

“დღევანდელიდან თუ გადავთვლით, ორი ან თითქმის სამი კვირა უნდა იმისათვის, რომ შემცირდეს”.

ქვეყანა ვალებს ვეღარ გადაიხდის - “მომავალში სესხსაც აღარ მოგვცემენ”

“საქართველოს მთავრობა მომავალ წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ისედაც კრიტიკულ ნიშნულზეა. 2021 წელს ახალი ვალის წამოკიდება ქვეყანას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. მძიმეა ეკონომისტთა პროგნოზი - მალე ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე აღმოჩნდება! კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოს უამრავი საგარეო ვალი დაუგროვდა, რომელიც ზაფხულის მიწურულს უკვე იყო საშიშ მაჩვენებელთან მიახლოებული. ქვეყნის საგარეო კრედიტების მოცულობა, რომლის ლიმიტიც 60%-ია, სახიფათო ნიშნულზე ჯერ კიდევ ივლისის თვეში იმყოფებოდა და მაშინ მაჩვენებელმა 58% შეადგინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანა ვალებს ვეღარ გადაიხდის - “მომავალში სესხსაც აღარ მოგვცემენ” / ეკონომისტები: მძიმე მდგომარეობაა და დეფოლტის საშიშროებაც ნამდვილად არსებობს.

“ახალი ვალდებულებების აღებით ქვეყანა, დიდი ალბათობით, დაუძლეველი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. სწორედ ამაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია. როდესაც საგარეო ვალი კრიტიკულ დონეს მიაღწევს, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. „როცა ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიოში ამას უყურებენ, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე, ანუ საქართველოს გადაიყვანენ მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში და საერთაშორისო ინვესტორები უკვე აღარ მისცემენ მეტ კრედიტს. ამავე დროს, კაბალური საპროცენტო განაკვეთის პირობებით მოხდება მორიგი სესხის გაცემა. დეფოლტის რისკის წინაშე დადგომა ქვეყნისთვის არის კატასტროფა, რადგან ამ შემთხვევაში ყველა საერთაშორისო ინვესტორი გავა საქართველოდან განაცხადა აკაკი ცომაიამ „ბიპიენთან”, რომლის აზრით, საქართველოს პოზიცია კრიტიკულია - მშპ-ის 60%-მდე არის ასული საგარეო ვალი და შესაძლოა, გასცდება კიდეც. იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო გაიზრდება ვალის ტვირთი“, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასეთ მძიმე ვითარებაში ქვეყანას საგარეო ვალდებულებების გასტუმრება ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მინიმუმამდეა დასული და ეროვნული ვალუტა საგანგაშო ნიშნულზეა. სპეციალისტების აზრით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა იმ დონემდე ვერ გაიზრდება, რომ საქართველომ საგარეო ვალის გადახდა უპრობლემოდ შეძლოს. ეკონომიკის ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ახალი ვალის აღებას ძველი ვალდებულებების გასასტუმრებლად აპირებენ. დიდი ალბათობით, მომავალ წელს კრიტიკული ზღვრის გადალახვა მოხდება, რის გამოც ჩნდება იმის საშიშროება, რომ საქართველო საგარეო ვალდებულებების გასტუმრებას ვეღარ მოახერხებს - ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ქვეყანა იმ რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რომ ვალების მომსახურება და გადახდა ვეღარ შეძლოს”, დასძენს გამოცემა.

“გააჩნია, ახალ ვალს რომ აიღებენ, რაში მოიხმარენ. შესაძლოა, იმისთვის იღებენ, რომ ძველი გადაფარონ, ანუ რეფინანსირება მოახდინონ. საგარეო ვალი 60%-ზე მეტი ვერ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ცვლილებაა საჭირო, რისთვისაც ხმები არ ეყოფათ. 5 მილიარდი ლარი არის მშპ-ის 10%, რასაც ვერ დაუმატებენ. ისედაც 59%-ზეა საგარეო ვალი, ეს 10%-იც რომ დაუმატონ, 69% გახდება და ეს შეუძლებელია. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ახალი ვალის აღებას აპირებენ იმისთვის, რომ ძველი ვალი გადაიხადონ. სხვა გამოსავალი და შანსი არ აქვთ. საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული? ეკონომიკა გაჩერებულია, გადასახადებს ვერ იღებენ და ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ 2021 წელს ეკონომიკა აყვავდება და იმდენი გადასახადი შემოუვათ, ვალს თავისუფლად გადაიხდიან, ეს არარელურია. მძიმე მდგომარეობაა და დეფოლტის საშიშროებაც ნამდვილად არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიგა ბედინეიშვილი

“დამატებითი ვალის აღება ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაღარიბებულ და ვალებში ჩაფლულ ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკის თითქმის ნახევარი არის ვალი. ასეთ პირობებში დამატებითი ვალის აღება ქვეყნის გაღარიბების ტოლფასია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოზიდული ვალები იხარჯება არაეფექტურად. მსოფლიოში 69-ე ადგილზე ვიმყოფებით ხარჯების ეფექტიანობის კუთხით, ანუ საქართველო ცნობილია ერთ-ერთ ცუდმხარჯველ მთავრობად, რაც ძალიან დიდი რისკია. ამიტომ თავისუფლად შესაძლებელია, ქვეყანა იმ რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რომ ვეღარ შეძლოს ვალების მომსახურება და დაფარვა. პრინციპი არის ასეთი - სანამ ვალის აღება მოხდება, უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, ანუ სამთავრობო ხარჯები, რომელიც გაუაზრებელი და არაეფექტურია, ჯერ უნდა გაუქმდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საჭირო ოდენობით ვალის აღება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ყიფიანი.

“წარმოიდგინეთ, ახლა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, როდესაც იმ დაზიანებულ ჭურში ვასხამთ სითხეს, რომელიც ამ სითხეს ვერ შეაკავებს. ეს ჭური არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. ქვეყნის ბიუჯეტიდან ჟონავს ხარჯები გაუაზრებლად და არასწორად. ჩვენს ქვეყანას ვალების გადახდის პრობლემა დაუდგება იმიტომ, რომ სამთავრობო ხარჯები არის გაბერილი. ეკონომიკის ზრდის პარამეტრები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშაა, როდესაც ლარი ჩამოქცეულია. ინვესტორს ნდობა აღარ ექნება. შესაბამისად, ეს აჩენს იმის პრობლემას, რომ ქვეყანამ ან ვალი ვეღარ გადაიხადოს, ან საერთოდ აღარ გვასესხონ თანხები”, - დაასკვნის ირაკლი ყიფიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა