გია ხუხაშვილი - არ მგონია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმულის შეცვლა იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებულ ვითარებაში გამოსავალი

არ მგონია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმულის შეცვლა იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებულ ვითარებაში გამოსავალი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციისთვის სავარაუდოდ შესათავაზებელ წინადადებას, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების დაკომპლექტებისას მეტად პროპორციულობისა და მაჟორიტარული კვოტების შემცირების შესახებ. მისივე თქმით, ხელისუფლებამაც იცის, რომ ოპოზიცია ასეთ კომპრომისზე არ წავა, თუმცა საკუთარი კონსტრუქციულობის დემონსტრირებას ახდენს.

"თავიდან, კონსტრუქციული მიდგომით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება შეიძლებოდა და ამის ბაზაზე კომპრომისის გამონახვა, მაგრამ დღეს თამასა მაღლაა აწეული. მიდის ძალაუფლებისთვის ბრძოლა არა ადგილობრივ ხელისუფლებებში გადანაწილებისთვის, რაც ძალიან სუსტი კომპენსაციაა, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გადანაწილებისთვის. ასე რომ არ მგონია, რომ ეს ფორმულა გახდეს შეთანხმების საფუძველი. ოპოზიცია ასეთ კომპრომისზე ვეღარ წავა. ბუნებრივია არ იქნება საკმარისი ოპოზიციისთვის. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უფლებები საკმაოდ შეზღუდულია და რეალურ გავლენას ვერ ახდენს ძალაუფლების გადანაწილებაზე. კი ბატონო პერსპექტივისთვის ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. ხელისუფლებას ეს ესმის, მაგრამ მიდის ამ წინადადებებით, რომ მოახდინოს თავისი კონსტრუქციულობის დემონსტირება. მშვენივრად ესმის, რომ ამაზე არაა ოპოზიცია წამსვლელი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პანდემიის მართვასთან დაკავშირებული და სოციალური პრობლემები და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

"ორი ფუნდამენტური შიში დადის საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის შიმშილის და ეს არის სიკვდილის შიში. ამ ფონზე მეტი პასუხისმგბელობა მართებს პოლიტიკურ ელიტას იმისთვის, რომ იპოვონ იმ ტიპის, თუნდაც დროებითი, კომპრომისი, რომელიც ამ ორი შიშის მართვის პრობლემებს კიდევ უფრო არ გაართულებს. გამოსავალი არის შესვლა პარლამენტში, არა შედეგების აღიარება, არამედ დე ფაქტო ვითარების გათვალისწინებით შესვლა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფორმირება არჩევნების გამოსაძიებლად და თუ ამ კომისიის დასკვნით გამოვლინდა, რომ დარღვევები იყო იმ მასშტაბის, რამაც არსებიდან შეცვალა არჩევნების შედეგები, ამ შემთხვევაში, თუ გაფორმდა ამ ტიპის საბრალდებო დასკვნა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება და დათანხმდნენ რიგგარეშე არჩევნებს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი გუნდის შეთავაზება შესაძლოა იყოს 2021 წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნების სისტემის ცვლილება, რაც საკრებულოების დაკომპლექტებისას მეტ პროპორციულობას და მაჟორიტარული კვოტების შემცირებას გულისხმობს.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს