სანდრო რაქვიაშვილი კობახიძის განცხადებებზე - მუქარა რეალიზებული გახდა რაღაც კანონპროექტში - თუ რამე შანსი იყო მოლაპარაკებების გაგრძელების, იმის განადგურება ხდება

მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” “გირჩის” ერთ-ერთმა წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ქმედებებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შანსების განადგურება ხდება.

„ფაქტობრივად ყველა ასეთი ქმედება ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე შანსი იყო მოლაპარაკებების გაგრძელების, იმის განადგურება ხდება. ასეთი განწყობით მე მგონია, რომ მოლაპარკება აღარ გაიმართება. ყოველთვის არის შანსი უკან დავიხიოთ და შევთანხმდეთ, მაგრამ არაფერი არ ეტყობა „ქართულ ოცნებას”, რომ ისინი უკან დახევას აპირებენ. განცხადება იყო გაკეთებული წინა კვირას და მაშინ ყველა პარტიამ განვაცხადეთ, რომ მიუღებელია ასეთი ქცევა და ასე იქცეოდეს მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარე და ახლა მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში. ამიტომ მე მგონი შანსები მცირდება, რომ საერთოდ მოლაპარაკებები შედგება. როგორც კი პარლამენტს 38 ადამიანი მიმართავს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენც დავწერთ განცხადებას და ამით დამთავრდება ეს ისტორია. „ქართული ოცნება” თუ ასე მოიქცევა მით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ორ კვირაში მივიღებთ აბსურდულ პარლამენტს, სამწუხაროა, მაგრამ აქამდე მივედით”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

ამასთან, კობახიძის თქმით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა