გია ვოლსკი - "ლეგიტიმური რევოლუცია" ხეპრული გამოთქმაა, არჩევნების გაყალბების თემაზე არანაირი არგუმენტი აღარ დარჩათ

"ლეგიტიმური რევოლუცია" ხეპრული გამოთქმაა. არჩევნების გაყალბების თემაზე აღარანაირი არგუმენტი აღარ დარჩათ მას შემდეგ, რაც "სამართლიანი არჩევნების" მიერ გაყალბებული პარალელური დათვლის შესახებ გახდა ცნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი გეგმა 2003 წლის სცენარის გამეორებაა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, ამ გეგმას მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებაში და დღეს საქართველო "არც ის სახელმწიფოა, როცა ამ რევოლუციური გეგმების აღსრულებას ახერხებდნენ".

"არც მოლაპარაკებები სურს და არც პარლამენტში გამოჩენა ოპონენტების დიდ ჯგუფს, ვინაიდან პრაქტიკულად სათქმელი არ აქვს, არც საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდათ, რომ ის ეჭვები გავაქარწყლოთ, რომელიც ვითომდა მათ და საზოგადოების ნაწილს გააჩნია. რეალურად უნდათ იმავე სცენარის გამეორება, რომელიც 2003 წელს იყო, მაგრამ განსხვავება იმ პერიოდსა და დღევანდელს შორის არის ძალიან დიდი. არ უნდათ მოლაპარაკებები, რადგან იძულებული იქნებიან უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციაზე, მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს კიდევ ერთხელ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ სტრატეგიულ გეგმას, რომ არეულობა მოაწყონ. თუკი 2003 წელს ამის წინაპირობა იყო მართლაც სუსტი ქვეყანა, მართლაც განუკითხაობა, მათ შორის, დათვლის სისტემაში, ახლა უნდათ ისარგებლონ იმავე მიზეზით, მაგრამ საფუძვლად გამოიყენონ ის მდგომარეობა, რაც შეგვიქმნა პანდემიამ ადამიანის ჯანმრთელობის ხაზით და ეკონომიკური პრობლემების გამოყენებით, რომელიც მთელ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს შეექმნა. ეს არის მათი ხედვა, მაგრამ ამას განხორციელება არ უწერია, ვინაიდან საზოგადოებაც კარგად ხედავს საით მიდის მათი გეგმები და სახელმწიფოში რეალურად მდგომარეობა განსხვავდება იმ ვითარებისგან, როცა ესენი ახერხებდნენ ქვეყნის არევას,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს არ აწყობს მოლაპარაკებები ეს ოპოზიციაა. ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას არც საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს მათივე უმრავლესობით და თავმჯდომარეობით.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მე- 5 რაუნდისთვის მზად ვართ. საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა პოზიციები აქვთ მხარეებს და იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, რომლებიც დღემდე მოთმინებით და კონსტრუქციულად ეწევიან შუამავლის როლს. საერთაშორისო თანამეგობრობასაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა განცხადებებს აკეთებენ და რის საფუძველზე ოქრუაშვილი და მისი თანამოძმენი და რა საკითხებზე იკრიბებიან დღეს შალვა ნათელაშვილთან, რათა რევოლუციური გეგმები დასახონ",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბიკერიამ განაცხადა, რომ ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, ნორმალური არჩევნებია.

“ვისაც ძალაუფლება აქვს ეუბნება ხალხს, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება ორი სცენარი, თუ ეს გაუვიდა - ან დიქტატურისკენ სვლის შეგუება ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. პირველი რომ გვქონდეს კატასტროფაა და არც მეორე გვსურს. ამიტომ, გვსურს ვადამდელი ნორმალური არჩევნები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა