კარლ ჰარცელი - მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს, ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში

მსურს განვაცხადო, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს, ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკანომდებლო ინიციატივა, ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ არის მიმართული და მსგავსი კანონები ყოველთვის აჩენს კითხვის ნიშნებს.

„რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაში, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა აქ უფრო ფართო განხილვას საჭიროებს ის საკითხი, თუ რას ნიშნავს პარტიები დემოკრატიაში და პლურალისტური გარემოს შექმნის პროცესში.

„ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა. როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმსახურებს უფრო ფართო განხილვას, ეს იქნება ფუნდამენტური განხილვა იმისა თუ როგორ ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და ახლა მე ვერ ვხედავ, რომ არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარე ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, რომ რეალურად დაჯდეს და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია. სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს კანონი მიმართულია კონკრეტულ დროსა და ვითარებაზე და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა