გენადი არველაძის თანაორგანიზებით, DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა

21 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის მერვე ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, DAG-ის თავჯდომარის მოადგილე, გიორგი კაჭარავა უძღვებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და DCFTA-ის განხორციელებაში ჩართული უწყებების მიერ შემუშავებული DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი იყო. შეხვედრამდე გეგმის პროექტი გაზიარებულ იქნა ჯგუფის წევრებთან, შეხვედრის ფარგლებში კი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებზე გაიმართა კონსულტაციები.

"საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ დაყენებული საკითხები და სხვადასხვა სახის წინადადებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს DCFTA-ის განხორციელების პროცესს, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პროცესში და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებას DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროპის მეწარმეთა ქსელში (EEN) მეტი ქართული კომპანიის ჩართვის მიზნით ღონისძიებების საჭიროებას. ბიზნეს ასოციაციებმა გამოიხატეს მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია რუმინეთში, კერძოდ, ქალაქ კონსტანცაში ლოჯისტიკური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მოხდება საქართველოდან ექსპორტირებული საკონტეინერო ნაკრები ტვირთების შეკრება და განაწილება. ლოჯისტიკური ჰაბი 15 იანვრიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფის წევრებს დაეგზავნებათ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა