ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციამ ჯერ თვითონ უნდა აღიქვას საკუთარი თავი ხელისუფლების ალტერნატივად - არჩევნების შედეგების დამტირებლის როლში სადამდე უნდა იყოს?

საქართველოში დღეს ორი კორონა მძვინვარებს - ერთი არის კორონა, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას ურტყამს და მეორე არის კორონა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ურტყამს და უკეტავს ჟანგბადს,- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხება.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მეორე საპარლამენტო მოსმენამდე, ის განსახილველად ვენეციის კომისიისთვის გაეგზავნათ, საქართველოში მომუშავე დიპლომატების ჩარევის გარეშე არ მიუღიათ.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივებს ვენეციის კომისიამ „მწვანე შუქი“ აუნთოს.

„განხილვის გადადება ხდება ორი მიზეზის გამო, პირველი მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით - რასაც ვერ იყიდის ფული, იმას იყიდის დიდი ფული და ამიტომაც, გაცილებით დიდი ფულის დატრიალებას შეეცდებიან თებერვლამდე, რადგან მანდატების საკითხიც მათ, ფაქტობრივად, გადადეს გაზაფხულის სესიისთვის და ფიქრობენ, რომ ისინი, ვინც ვერ იყიდეს ფულით, ამჯერად გაიყიდებიან უფრო დიდ ფულზე. მეორე მიზეზი არის ის, რომ ელჩებსა და საქართველოში აკრედიტებულ მისიებს, აქედანაც ჩანს, რომ ჩვენგან საყვედური ნამდვილად არ ეკუთვნით, რადგან, რომ არა მათი ძალიან აქტიური ჩარევა, ჩვენ ამ შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებდით. მათი მოთხოვნით, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ გადადო ამ კანონპროექტების განხილვა და სჭირდება ვიზირება ვენეციის კომისიისთვის, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვენეციის კომისიამ მწვანე აუნთოს ამ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში დღეს ორი კორონა მძვინვარებს. მეორე შემთხვევაში კორონად გვევლინება „ქართული ოცნება“, რომელიც მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს ჟანგბადს უკეტავს დაფინანსების სახით.

ამ შემთხვევაში დონორად გამოდგება ისევ და ისევ დასავლეთი, ჟანგბადის მომწოდებელი მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთი შეიძლება იყოს. მე ვგულისხმობ, კონკრეტულად ამ კანონპროექტების შეჩერებას. რაც შეეხება იმას თუ რას იზავს ოპოზიცია, გადაურჩება თუ არა გარდაუვალ მარგინალიზაციას თუ ის ვერ დაარწმუნებს საკუთარ ამომრჩეველს სიცოცხლისუნარიანობაში, ეს კიდევ ცალკე გლობალური თემაა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია არ უნდა დარჩეს არჩევნების შედეგების დამტირებლის როლში და უნდა გადაიაზროს საკუთარი როლი. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა აღიქვას საკუთარი თავი ხელისუფების ალტერნატივად.

„ოპოზიციამ აბსოლუტურად სხვაგვარად, ახლებურად უნდა გადაიაზროს საკუთარი როლი. მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ გაზაფხულზე შეიძლება სიტუაცია იმდენად დაიძაბოს, რომ ხალხში უკმაყოფილების ხარისხი გაიზარდოს და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, ახლომხედველობაა. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მუხტი საზოგადოებაში ვერ და არ აიწევს გაზაფხულზე ისე, რომ ეს იყოს საკმარისი ფართომასშტაბიანი აქციებისთვის, ვადა იქნება საკმაოდ გასული არჩევნებიდან. მეორე და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ოპოზიცია რეალურად გახდა საკუთარი რიტორიკის ტყვე და ის იხარშება ნეგატივში. ამ დროს საზოგადოებას სჭირდება რწმენა, მას უნდა სჯეროდეს, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრს მისი პრობლემების მოგვარება შეუძლია, მისი გამოწვევების გამარჯვებად გადაქცევა შეუძლია. ოპოზიციამ რეალურად ჯერ თვითონ უნდა აღიქვას საკუთარი თავი ხელისუფლების ალტერნატივად და უნდა დადოს ქვეყნის განვითარების გეგმა და ოპტიმიზმის გარშემო უნდა გააერთიანოს საზოგადოება. სხვაგვარად არჩევნების შედეგების დამტირებლის როლში სადამდე უნდა იყოს ოპოზიცია? დამტირებლის როლში ის საზოგადოების მიბილიზებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა