რომან გოცირიძე - ISFED-ს რა მოტივი ჰქონდა, მილიონი დოლარი მივეცით? - არასერიოზულია, იმდენად სასაცილო ბრალდებებია

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებში გამოვლენილ ხარვეზებს „ელემენტარულ არითმეტიკულ შეცდომებს“ უწოდებს.

როგორც გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ISFED-ის ბრალი ისაა, რომ გამოვლენილი შეცდომა მომენტალურად არ გაასაჯაროვა, ორგანიზაციის როლი კი მმართველმა გუნდმა „ათასი სისულელისთვის“ გამოიყენა.

„რა კითხვებს უნდა იწვევდეს?! მოვიდა ელემენტარული არითმეტიკული შეცდომა. ეს არის ეჭვიანობები და კონსპიროლოგიის თეორიის გამოვლინება, რაც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“. ძალიან კარგად იციან, რომ ტექნიკური შეცდომა იყო, დათვალეს შედეგები გაფუჭებული ბიულეტენების ჩათვლით. სამწუხაროდ, მოუვიდათ შეცდომა. რატომ მოუვიდათ, ეს ახსნეს. მაგრამ დროზე უნდა აეხსნათ, რომ არ გამოეწვია ეჭვები. მათი ბრალია, რომ მომენტალურად არ გასაჯაროვდა პროცესი. შესაძლებელია, მათ საკუთარ ორგანიზაციას არც კი მიანიჭეს ისეთი როლი, რომელიც მან შემდგომ შეიძინა, სპეკულაციის გამო შეიძინა და ეს ხელისუფლებამ გამოიყენა ათასი სისულელისთვის, თითქოს ეს წინასწარ ოპოზიციის მიერ იყო შექმილი. სამწუხარო შეცდომა მოხდა, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის შედეგებს. ეს არის ბიულეტენების ტექნიკური დაჯამება. როდესაც ბიულეტენი მიგაქვს, თვლის ცესკო და პარალელურად ასევე ვიღაც თვლის. ანუ ეს, მეორე, პარალელური ცესკოა. მაგრამ სანამ ბიულეტენებს მიიტანდნენ დასათვლელად, მანამდე მოხდა ბიულეტენებში ჩასწორება. უკვე ჩასწორებული ბიულეტენებით ხდება დაჯამება, მანამდე მოხდა გაყალბებები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც ზეპირად იცის“,- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ეჭვებს მომხდართან ოპოზიციის კავშირის თაობაზე, გოცირიძე ამბობს, რომ ეს ბრალდებები არასერიოზულია.

„რა მოტივი ჰქონდათ, მილიონი დოლარი მივეცით? მაშინ 10 მლრდ აქვს ივანიშვილს და 100 მლნ-ს მისცემდა. რა მოტივი უნდა ყოფილიყო ამ ორგანიზაციის მიერ გაყალბებული და მითუმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაში მიუწვდებოდა ხელი?! არასერიოზულია, იმდენად სასაცილო ბრალდებებია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს კადრულობს“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს