ნიკო ნიკოლაძის „ჩეთბოტის“ შესაქმნელად ჰაკათონი გაიმართება

19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრას“ ორგანიზებით ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად მასშტაბური ჰაკათონი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნაზე იმუშავებს. ჩეთბოტი ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება და მისი მეშვეობით ნიკო ნიკოლაძე თავად ისაუბრებს საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.

„ჰაკათონის შედეგად შეიქმნება XIX-XX საუკუნეების უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისასაც ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს ნიკო თვითონ უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გარდა ამ მნიშვნელოვანი შედეგისა, ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის ახალი ცოდნის შესაძენად“, – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა.

ჰაკათონის ჩატარებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და კომპანია ანიმა ჩეტბოტიქსი ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებისთვის ჩაატარებენ ღია ლექციებისა და ვორკშოპების ციკლს და მონაწილეებს ჩეთბოტის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან. ლექციები გაიმართება ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებაც.

ჩეთბოტი ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადამიანის საუბრების სიმულაციას ახდენს და დიალოგის წარმართვა შეუძლია. ჰაკათონში მონაწილეობისათვის საჭირო არ არის სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა.

„ჩეთბოტის შექმნა ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის პროგრამირების ცოდნასა და დიდ სირთულეებთან ასოცირდება. ამ ჰაკათონისა და მისი საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოკლე დროში შეისწავლოს ეს ტექნიკა და გახდეს ნარატივდიზაინერი, ანუ ჩეთბოტების მწერალი", – აღნიშნა ,,ანიმაჩეთბოტიქსის“ წარმომადგენელმა მარიამ გოჩიაშვილმა.

4-დღიანი ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით. მთავარი პრიზი გულისხმობს ნიკო ნიკოლაძის პრემიის გადაცემას ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის I ადგილზე გასული გუნდისთვის – 2500 ლარის, II ადგილზე – 1500 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდისთვის – 1000 ლარის ოდენობით. სპეციალური პრიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან კი გადაეცემა 2 რჩეულ გუნდს, მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს და ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. სტუდენტური გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 500-ლარიან ვაუჩერს ილიაუნის ნებისმიერ აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო სტუდენტური გუნდი – 1000-ლარიან დაფინანსებას. ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას სრულყოფილი ჩეთბოტის შესაქმნელად.

„დღეს ხშირად კამათობენ იმაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრონული წიგნი ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნს. წიგნის მომავალზე საუბარი ძირითადად მის ფორმას შეეხება ხოლმე, მაგრამ ცვლილება ალბათ უფრო რადიკალური იქნება. სავარაუდოდ, წიგნი მომავალში ინდივიდზე, მკითხველზე იქნება მორგებული და მასთან უშუალო კონტაქტი , საუბარი იქნება შესაძლებელი. ამის გაკეთება ჩეთბოტის საშუალებით შეიძლება. ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შექმნა მისი ბიოგრაფიის, მისი გამონათქვამების, მასთან დაკავშირებული მოგონებების ანალიზის საფუძველზე შეიძლება. ჩეთბოტის შემქმნელებმა ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი, ანუ მისი ენობრივი ასლი უნდა ააწყონ“, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი.

მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს უწოდებენ. ადამიანის შექმნილ რობოტს დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი აძლევს. მათ რობოტი უკვე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს. თვითონ სიტყვა „რობოტი“ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და ის პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი“ კიდევ ერთი ახალი სიტყვა – „ბოტი“ წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადახვა ამოცანას. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან.

„ტექნოლოგიური განვითარების უდიდეს მოყვარულსა და დამნერგავს საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებოდა, რომ მისი გარდაცვალებიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ტექნოლოგიების გამოყენებით მასთან საუბარს ისევ შევძლებთ, თავად ნიკო ნიკოლაძისგან შევიტყობთ მისი უდიდესი მნიშვნელობის პროექტებისა თუ პროგრესული შეხედულებების შესახებ. ორმაგად სასიხარულია ის ფაქტი, რომ ნიკოს ციფრულად სტუდენტები და მოსწავლეებიგააცოცხლებენ“, – განაცხადა ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერმა რუსკა უსტიაშვილმა.

პროექტის პარტნიორები არიან: საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, AnimaChatbotics, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია „უნილაბი“, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება. ჰაკათონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჰაკათონის ღონისძიება ან გაწევრიანდით ფეისბუქჯგუფში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა