ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი პოზიციაა, ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს - მოსაფიქრებელია, როგორ უნდა მივიდეთ იქამდე

ვადამდელი არჩევნები არის ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის აპრობირებული, სტანდარტული გზა ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიაში. რაც შეეხება იმას თუ როდის უნდა ჩატარდეს, ჩემი პოზიცია არის - რაც შეიძლება სწრაფად!- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივიდეს ოპოზიცია იმ მომენტამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას დათმობს, თუნდაც რიგგარეშე არჩევნების გზით.

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ბრძოლის ახალი ფორმები აქვს მოსაფიქრებელი, რადგან ძველი, ტრადიციული ფორმები აღარ მუშაობს.

„ასეთი მასშტაბის კრიზისი როდესაც გაქვს, როცა მოსახლეობის ნახევრის მიერ არჩეული არც ერთი პოლიტიკოსი პარლამენტში არ შედის, გასაგებია, რომ კრიზისი ძალიან ღრმა არის და მისი განმუხტვის სტანდარტული გზაა ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას თუ როდის უნდა ჩატარდეს, ჩემი პოზიცია არის - რაც შეიძლება სწრაფად! უბრალოდ მოსაფიქრებელი არის და, ჩემი აზრით, ახლა არის ამაზე ფიქრის დრო, თუ როგორ უნდა მივიდეთ მანდამდე, იმიტომ, რომ ერთი ვერსიაა, რომ თუ შედგა მოლაპარაკება და შეთანხმება, იქ მოხდეს, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით მეხუთე რაუნდი არ ჩაინიშნა, რაც მაფიქრებინებს, რომ ვერ მოხდა პოზიციების დაახლოება მომლაპარაკებლების მიერ. მეორე ვარიანტია, უკვე, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა, პოლიტიკური კრიზისი ასე ვერ განიმუხტა და მაშინ სხვა გზით მივდივართ იმ რეალობამდე, როცა ივანიშვილი თმობს ძალაუფლებას და კარგ შემთხვევაში, ეს არის ვადამდელი არჩევნების გზით. მაგ ნაწილში ჯერ კიდევ არის ბევრი კითხვის ნიშანი და მთავარი კითხვა ჩემს ამომრჩევლებსაც, მათ შორის, და მგონია, რომ არამხოლოდ ჩემს ამომრჩევლებს, აქვთ სწორედ ეს, თუ როგორ მივდივართ იქამდე, როგორ ვაღწევთ ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან, თუნდაც ვადამდელი არჩევნებით. მე ჯერ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და გულწრფელად ვამბობ, რომ ამაზე ვფიქრობ და ეს არის მოსაფიქრებელი. ვხედავ ოპოზიციის მხრიდან სტანდარტულ ნაბიჯებს, რომლებმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გვაჩვენა, რომ ეს ნაბიჯები არაეფექტურია და არ მუშაობს და, ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია რაღაც სხვა, განსხვავებული, ახალი ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისითაც და არაფერი იმაში ცუდი და ნეგატიური არ არის, ვთქვათ, რომ ეს გვაქვს მოსაფიქრებელი,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, გაემიჯნება თუ არა "გირჩი" ოპოზიციის ბოიკოტს, თუ სხვა პარტიები ტრადიციული ფორმებით ბრძოლას გააგრძელებენ, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბოიკოტის ნაწილში ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი თქმით, "გირჩს" აქვს თავისი პოლიტიკური ბრძოლის გზა.

„გირჩი არის მზარდი და ამ ნაწილშიც, ახლა ასეთი განცდა მაქვს, რომ გირჩი არის ერთადერთი, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ახალ გზებსა და ახალ ფორმებზე ფიქრობს, იმ შემთხვევაში თუ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდა და ოპოზიცია არ არის პარლამენტში, მაგრამ გასამიჯნი არავისთან არაფერი არ მაქვს, ისინიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, მეც ბოიკოტის რეჟიმში ვარ. საუბარია იმაზე, რომ მოვიფიქროთ რაღაც ახალი ფორმები, ანუ „რუსთაველზე შევიკრიბეთ“, „მიტინგი“, „მიკროფონში ვიყვირეთ“ და „დავიშალეთ“ არ მუშაობს და ამ რეალობაში, პირიქით, მგონია, რომ შეიძლება სახიფათოც იყოს, იმიტომ, რომ ყოველი ასეთი შეკრება და დაშლა შემდეგ ადამიანებში იწვევს ნიჰილიზმს და სხვა გზები არის მოსაფიქრებელი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა