იარაღის ტარებასთან დაკავშირებული მუხლის ამნისტირება აჩენს რისკს, რომ ბრუნვაში უკანონო იარაღი გაჩნდეს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაბალანსებულია.
„ვფიქრობ, მეორე მოსმენის ფარგლებში მივიღეთ დაბალანსებული მოდელი, ერთი მხრივ, კონკრეტული პირებისთვის შეღავათის გაწევასა და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას შორის. ბალანსი დაცულია, რომ ერთი მხრივ, კონკრეტულ პირებს შეღავათი გაეწიოთ და მეორე მხრივ, ეს ისე მოხდეს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ეს სულისკვეთებაა ამ პროექტში და ამიტომ არ ეხება მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებას და ისეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, რომლებიც ქმნიან რისკს გარკვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამომავლო რისკებს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ამნისტიის აქტის გამოცხადება და შესაძლებელია გარკვეული რისკები თან ახლდეს, თუნდაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ამნისტირება მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებენ და ამ რისკის წინაშე ჩვენი საზოგადოება არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.