მიხეილ სარჯველაძე - საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება, 30-ზე მეტი მუხლი დაემატა, რომელიც პირველად რედაქციაში არ იყო შესული

საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც შეეხება ამნისტია. თავისუფლებააღკვეთილ პირებს საკმაოდ ბევრს შეეხება“,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა.

სარჯველაძის თქმით, ამნისტია 800-ზე მეტ პირს შეეხება.

„მოსალოდნელია რომ ეს რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე პირველი მოსმენის დროს იყო, განმარტებით ბარათში რაც არის მითითებული 800, სავარაუდოდ, 800-ზე მეტს შეეხება, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა გაგვიჭირდება, წინაპირობებზეა დამოკიდებული“,-აცხადებს სარჯველაძე.

მისივე თქმით, განსაზღვრულია კონკრეტული ხასიათის დანაშაულები და წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა.

„გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები, კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ 30-ზე მეტი მუხლი, კონკრეტული დანაშაული დაემატა, რომელიც პირველად რედაქციაში არ ყოფილა შესული. დამამძიმებელ გარემოებებს შეეხო, ისეთებს, რომელიც შესაძლებელი იქნა სხვადასხვა კონსულტაციების შედეგად. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა რამდენიმე დანაშაულმა, მათ შორის ნარკოტიკულმა, ეკონომიკური სახის დანაშაულებმა, რომელთა მიმართაც გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. გარკვეულ კატეგორიას, დანაშაულებისა, კვლავაც არ შეეხო ამნისტია, მათ შორის, ბუნებრივია მოიაზრება ოჯახში ძალადობის საკითხები, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სამოხელეო დანაშაულები და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ნაწილებს და მუხლებს, რომელიც დაემატა, ამის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლია მიიღოთ პარლამენტის ვებგვერდზე. საკმაოდ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შეეხება ამნისტია და დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, ისევე როგორც სხვა სტატუსის მქონე პირებს შეეცვლებათ სასჯელები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი შვილების დედებს, ასევე სტუდენტებს, გარკვეული დათქმებით, კონკრეტული კატეგორიის დანაშაულების მიმართ ვინც არიან მსჯავრდებულები, თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვლებათ. ასეთი დათქმა უპირობოდ ვერ იქნებოდა შემოღებული, შესაბამისად, განსაზღვრულია კონკრეტული ხასიათის დანაშაული და წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილებითაც შესაძლებელია შინაპატიმრობით სასჯელის შეცვლა“,-განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, შესაბამისად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ამნისტიის აქტი პოლიტპატიმრებზე გავრცელდეს.

„მინდა შევუერთდე ამ განცხადებას და ვთქვა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში ნამდვილად არ გვყავს. ამისთვის არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს, რომ მსგავსი დასკვნა გაკეთდეს, როგორსაც ოპოზიცია გვთავაზობს“,-აცხადებს სარჯველაძე.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ნარკოტიკის რელიზაციის დანაშაულებზე ამნისტია არ ვრცელდება.

„ნარკოტიკებთან დაკავშირებით, როგორც პირველი მოსმენისას აღინიშნა, გასაღების დანაშაულებს, ანუ რელიზაციის დანაშაულებს, ეს ამნისტია არ შეეხება. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ამნისტიის კანონის არეალი ნარკოდანაშაულებზე გაფართოვდა. გამოყენებული იქნა განსხვავებული მექანიზმი, სრულად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ნაცვლად კანონპროექტში შემოტანილი იქნა დანიშნული სასჯელის მეოთხედით და ნახევრით შემცირება. ამ შემთხვევაში, 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შემოგვაქვს განახევრების მექანიზმი, რაც შეეხება მეექვსე ნაწილს, რომელიც კანონპროექტში არ იყო მოხსენიებული, მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტისთვის, როდესაც პასუხისმიგებლობის დამძიმების განმსაზღვრელია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, ამ შემთხვევაში იქნება სასჯელის ¼- ით შემცირება“,-აცხადებს სარჯველაძე.

რაც შეეხება ამნისტიის აღსრულების ვადას, სარჯველაძის თქმით, განსაზღვრული ორი ვადიდან, ერთ-ერთი 6 თვეს შეადგენს, რა დროსაც მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა ამნისტიის წინაპირობები დააკმაყოფილონ.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ორი ვადა, ერთი ვადა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისთვის, სასამართლოსთვისაა დაწესებული, რომელი ვადის განმავლობაშიც წარდგენილი დოკუმენტაცია ამნისტიის შესახებ უნდა იქნას განხილული. რაც შეეხება პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა წინაპირობები დააკმაყოფილონ, რაც გამოიხატება მაგალითად, ზიანის ანაზღაურებაში, ან დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენაში, ასეთი პერიოდი 6 თვით განისაზღვრა“,-აცხადებს სარჯველაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა