გიგა ბოკერია - „ამნისტიის შესახებ“ კანონში უფრო მძიმე მუხლები არის დატოვებული და გიორგი რურუას მუხლი ამოღებულია, რაც დასტურია, რომ ის პოლიტპატიმარია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ მოიცავს იმ მუხლს, რომელიც გიორგი რურუას აქვს წაყენებული, ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მათ შორის ამ კანონსაც.

ბოკერიას განცხადებით, იგივე ფაქტი იმასაც ადასტურებს, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია.

„ჩემ პირად ან ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრი არ არის ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი, მთავარი საკითხია, რისი დემონსტრირებაც მოახდინა ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ ამ ამნისტიით, როდესაც გიორგი რურუას მუხლი ამოიღო. უფრო მძიმე მუხლები არის დატოვებული და რურუას მუხლი ამოღებულია, რაც დასტურია, რომ ის პოლიტპატიმარია და დასტურია იმისა, როგორ უტიფრად, პოლიტიკური დაკვეთისა და პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებენ ყველაფერს, მათ შორის, ამ ამნისტიას,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა