ხათუნა გოგორიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა თავმჯდომარეობა გადააბარა ყველაზე მორჩილს, ვინც ყველაზე "კარგად" იქცეოდა

ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ ყველას ერთმანეთი უნდა სძულდეს და მისი ამ მიზნის ყველაზე კარგი განმახორციელებელი არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ყოველთვის მოახერხებს ისე მოიქცეს, რომ სრულიად წყნარ ადგილას დაპირისპირება გამოიწვიოს , - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარედგინა.

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ განმარტა, ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან ირაკლი კობახიძე არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მის მიერ დაწყებული გახლეჩისა და დაპირისპირების პოლიტიკას გააგრძელებს.

„ყველაზე მორჩილს, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, მისი გადასახედიდან, ყველაზე კარგად რომ იქცეოდა, იმ ადამიანს გადააბარა თავმჯდომარეობა. პარლამენტში ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სრულიად უადგილო ადგილას, როდესაც აბსოლუტურად არანაირი დაპირისპირება და არანაირი კონფლიქტის აუცილებლობა და არაფერი მსგავსი არ იყო, ირაკლი კობახიძე გამოირჩეოდა ამ განსაკუთრებული ოდიოზური აგრესიით და როდესაც ამას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ეს არის ბიძინას დასანახად გაკეთებული. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ისეთი ფრაზები თქვას, რასაც ის ამბობდა და ისე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან მოყოლებული დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ გახლიჩოს და პოლარიზება გაუკეთოს საქართველოს და საზოგადოებას. ბიძინას გადასახედიდან, ყველაზე კარგად ამ დაპირისპირებასა და გახლეჩას გააგრძელებს ირაკლი კობახიძე. ის არ არის დარწმუნებული, იმიტომ, რომ გახარია შეიძლება უცებ გამოვიდეს და თქვას: „ „დავიწყეთ ბოდიშით!“ შეიძლება გამოვიდეს კახი კალაძე და ვიღაცაზე რაღაც დადებითი თქვას, რომ პროფესიონალია, კობახიძე არასდროს ამას არ გააკეთებს და იმიტომ - კობახიძე. რაც მთავარია, ეს ივანიშვილის ფიქრები კი არ არის, ფაქტებით არის დადასტურებული, რომ კობახიძე გააგრძელებს ამ გახლეჩისა და დაპირისპირების პოზიციას და პოლიტიკას, რომელიც ივანიშვილს მთელი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს