ხათუნა გოგორიშვილი - ამ ვითომ გადადგომით ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს უთხრა: "მოგატყუეთ, დაგტოვეთ გაღიმებული"

ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისევ მოგვატყუა, მას აქვს მესიჯი გაშვებული - რა ვქნა, ხალხო, მე წავედი. აგერ დაგიტოვეთ „გადასარევი“ ხელისუფლება, აწყობილი ერთპარტიული პარლამენტით და ნებისმიერი პასუხისმგებლობა არის მათზე. მე არაფერი მომთხოვოთ, არაფერ შუაში ვარ. სინამდვილეში ისევე იქნება შუაში, როგორც აქამდე,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის ფაქტს.

როგორც გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რეალურად ბიძინა ივანიშვილი არსად წავა, სანამ მას ქართველი ხალხი არ გაუშვებს. ამასთან, როგორც ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის განცხადებით არაფერი იცვლება და „ქართული ოცნების“ წევრებიც ფიქრობენ, რომ „ბიძინა ივანიშვილის დაპირებას და სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს“.

ბიძინა ივანიშვილი 2-ჯერ წავა თუ 90-ჯერ, არაფერი შეიცვლება, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება, რადგან მისი არც პრემიერ-მინისტრობა, არც პარტიის თავმჯდომარეობა, ყოფნა ან არყოფნა, არ ცვლის სიტუაციას, ბოლო უკვე მეცხრე წელია. იმდენი იძახეს 9 წელი, ჩვენც შეგვიძლია 9 წელი ვაძახოთ.

ფორმალურად არაფერი იცვლება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ პრემიერმა გახარიამ გადაწყვიტოს, რომელიმე მინისტრის თანამდებობიდან გაშვება და მის მაგივრად სხვის მოყვანა და ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილს არ შეუთანხმოს? გაბედავს ამას? ზუსტად ვიცი, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მარიონეტების კარგად, მწყობრად მოქმედი გუნდი. მაგის მეტი რა მინახავს პარლამენტში, რას დავკვირვებივარ, თუ არა მათ ქცევას. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არათუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, გამარჯობას არ ეტყვიან ადამიანს. როგორ უნდა მიესალმონ ადამიანს, გაღიმებული, საერთოდ მიესალმონ თუ არა - ამასაც ისე აკეთებენ, როგორც ბიძინას გაუხარდება და მოეწონება. მთავრობაში არც გახარია მიიღებს ბიძინას გარეშე გადაწყვეტილებას არაფერთან დაკავშირებით.

წარმოგიდგენიათ, რომ გიორგი რურუას რაღაც ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით იყოს სასამართლო პროცესი გასამართი, გადაწყვეტილება იყოს მისაღები - გირაოთი გამოუშვან თუ საერთოდ, უდანაშაულოდ ცნონ და მურუსიძის სასამართლომ ეს ბიძინასთან შეთანხმების გარეშე გააკეთოს და ივანიშვილს არ ჰკითხოს - გვაძლევ თუ არა ამის უფლებას? პარლამენტში არჩილ თალაკვაძე შეძლებს რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარე გადააყენოს და სხვა აირჩიოს ან ვიცე-სპიკერი. ან კანონი მიიღოს რომელიმე ისე, რომ ბიძინას არ შეუთანხმოს?

ეს არის უპასუხისმგებლობის მწვერვალი და ასევე, ხალხისადმი დამოკიდებულების და მათი აბუჩად აგდების მწვერვალი. ამით არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს კაცი არის მატყუარა და გადამდგები. ჩვენ და ეჭვი მაქვს, „ქართული ოცნების“ წევრებიც ამას ფიქრობენ, რომ ამ კაცის სიტყვას, მის დაპირებას, არანაირი ფასი არ აქვს. ამას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ იტყვიან, მაგრამ ამაში თვითონაც დარწმუნებული არიან. დღევანდელი ეს საქციელი იყო მესიჯი იმ ადამიანებისადმი, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მას დაუჯერეს, გამოუცხადეს ნდობა და მივიდნენ არჩევნებზე. ამ ვითომ გადადგომით ბიძინა ივანიშვილმა ამ ადამიანებს უთხრა - კიდევ ერთხელ მოგატყუეთ, კიდევ ერთხელ დაგტოვეთ გაღიმებული“,- განაცხადა გოგორიშვილმა.

ამასთან, როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები მარიონეტები არიან, რომლებიც იმის შიშით, რომ ივანიშვილს „არ მოეწონოს და არ გაბრაზდეს“, გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი რომ პრემიერ-მინისტრი იყო, საახალწლო ბარათები ნახევარ საქართველოს დაგზავნილი ჰქონდა, როდესაც შევიდნენ და უთხრეს, რომ ჩაალაგე ჩემოდანი და წადი აქედან, აღარ ხარ პრემიერ-მინისტრიო. როგორც კი ოდნავ ვიღაც დაიჯერებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა და ექნება ილუზია, გაიზიარებს იმ ბედს, რა ბედიც ეწია გიორგი კვირიკაშვილს, იმიტომ, რომ კვირიკაშვილმა რაღაც მომენტში მოინდომა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და სწორედ იმით დამთავრდა, რითიც დამთავრდა. ესაა ნათელი მაგალითი, როგორ ექცევა ივანიშვილი თავის თანაგუნდელებს, რომლებიც ბედავენ და მასთან შეუთანხმებლად ელემენტარულ გადაწყვეტიელბას იღებენ. ეს არის მისი ბუნება, ფსიქოლოგია, ჩათვალა რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონია - ცაც მისია, ზღვაც, ჰაერიც, ტყეც, ხეებიც მისია და როგორ შეიძლება ვინმემ გაუბედოს სხვანაირად მოქცევა? რა მნიშვნელობა აქვს, წინ რა თანამდებობა უწერია“,- განაცხადა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა