იაგო კაჭკაჭიშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებაზე - ეს წინადადება იმსახურებს ყურადღებას და შეიძლება აღმოჩნდეს კომპრომისული სამუშაო ვარიანტი ოპოზიციისა და ხელისუფლების შესათანხმებლად

ეს წინადადება იმსახურებს ყურადღებას და შეიძლება აღმოჩნდეს კომპრომისული სამუშაო ვარიანტი ოპოზიციისა და ხელისუფლების შესათანხმებლად, ოღონდ აქ არის ერთი დეტალი - ადგილობრივი არჩევნები თავისი მნიშვნელობითა და პოლიტიკური წონით ყოველთვის ჩამორჩება საპარლამენტო ან თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებს, მასზე ამომრჩევლის აქტივობაც დაბალია , - ამის შესახებ ექსპერტმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ იმ წინადადების შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს პარტია „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ გააჟღერეს.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ეს წინადადება სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა რომც მოიწონოს, ისე არ უნდა მივიღოთ თითქოს მას ხელისუფლება ხელგაშლილი შეხვდება. კაჭკაჭიშვილის განმარტებით ამ წინადადებების პაკეტს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება ხელისუფლების მხრიდან, პირველ რიგში იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.

„სულ მცირე, ეს წინადადება განხილვას იმსახურებს და ყურადღების ღირსია. ადგილობრივი არჩევნების შედეგები არ განიხილება, როგორც ცალკე აღებული, ხელისუფლების მიმართ წაყენებული სხვა პირობებისგან დამოუკიდებლად, ის პირობები რჩება, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, არჩევნების სამართლიანად ჩატარების პირობები თუ არ გამოიკვეთა და კანონმდებლობით თუ არ გამკაცრდა, ადგილობრივი არჩევნების ჩატარება იმავე საარჩევნო სისტემის ან საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ცხადია, ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს.

თუმცა ეს პირობა, დანარჩენ სამ პირობასთან ერთად, არ უნდა განვიხილოთ ისე, თითქო ხელისუფლებისთვის სრულიად მისაღებია და „ქართული ოცნება“ ამას ხელგაშლილი შეხვდება, იმიტომ რომ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პოლიტპატიმრების თემა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს პოლიტპატიმრების არსებობას საქართველოში, განსაკუთრებით კარტოგრაფერის საქმეში და არ მგონია, რომ თუნდაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ეს პაკეტი, ხელისუფლების მხრიდან იყოს ადვილად გაზიარებული. თუმცა ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს რაღაც კომპრომისზე წასვლა ადრე თუ გვიან, იმიტომ, რომ ამ რეჟიმით ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შენარჩუნება, ჩემი აზრით, სრულიად შეუძლებელია,“- განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან ეს მის წისქვილზე წყალს არ ასხამს. ექსპერტის თქმით, ამ კუთხით ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ქართული ოცნების“ გამწევი ძალის პოლიტიკიდან წასვლა, პარტიის დელიგიტიმაციას გააღრმავებს.

„ნებისმიერი მომავალი არჩევნები არ ასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ამიტომ, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, თავიდან აიცილოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მიმართული ხმების დიდი ნაწილი სწორედ ივანიშვილისკენ მიემართებოდა და ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან, „ქართული ოცნების“ გამწევი ძალის წასვლა, ცხადია, პარტიის დელეგიტიმაციას გააღრმავებს. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წასვლა შიდაპარტიულ წესრიგს აუცილებლად დააზარალებს, იმიტომ, რომ „ოცნებას“ აღარ ჰყავს ავტორიტეტი, რომელიც არის შიდაპარტიული დინებების დამბალანსებელი, ახლა ეს ავტორიტეტი წასულია პოლიტიკიდან და არ მგონია, რომ ადვილი იყოს შეხმატკბილებულად მუშაობა „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კობახიძეს არ აქვს ის ავტორიტეტი პარტიის გადაწყვეტილების მიმღებებს შორის, როგორც გააჩნდა ივანიშვილს, შეუდარებლად დაბალია მისი ავტორიტეტი, ის ვერ იქნება გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ან მომრიგებელი,“- განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს