ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გუნდისთვის სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს - ივანიშვილმა დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი, ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მან პარტიის დელეგატებს მხარდაჭერისა და გამოცხადეული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯება ნდობის გასამართლებლად.

„ძალიან დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, ძალიან დიდი მადლობა გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ასეთი თბილი წარდგენისთვის - ნამდვილად საამაყოა, რომ ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი თბილი სიტყვებით წარგადგენს და გიჭერს მხარს.

მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ დღეს, ჩვენს ყრილობას.

მივესალმები ჩვენი პარტიის 44 ათას წევრს. თითოეულ მათგანს შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნისა და ჩვენი პარტიის წარმატებაში.

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის.

ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.

მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად,“- განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით „ქართული ოცნება“, სამ მთავარ რამეში გამოიხატება, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეყნის გაერთიანება და მოსახლეობის კეთილდღეობაა.

„პირველი, ეს არის ერთიანი საქართველო - ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს.

ჩვენი ქართული ოცნება საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით - საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში.

ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად,“- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა