დონალდ ტრამპი - მადლობა და მშვიდობით!

მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერილი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ახალ ადმინისტრაციას წარმატებებსა და იღბალს უსურვებს.

„45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა", – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტობის გზის გავლაში დაეხმარნენ, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის ოჯახს, გენშტაბის უფროსს, მარკ შედოუს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს.

„ყველაზე მეტად მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერელი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის “, – აღნიშნა ტრამპმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალადობა დაუშვებელია.

„ყველა ამერიკელი შეაძრწუნა კაპიტოლიუმზე განხორციელებულმა თავდასხმამ. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ, როგორც ამერიკელები ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. ამის დაშვება შეუძლებელია,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ახლა ამერიკელ ხალხს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ერთიანობა.

"ახლა, როგორც არასდროს, უნდა გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების გარშემო და დავდგეთ კერძო სიბრაზეზე მაღლა და გამოვჭედოთ ჩვენი საერთო ხვედრი,“- აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა საკუთარი ადმინსტრაციის მიღწევებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში შესაძლებელი გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის რეკორდულად მცირე დროში შექმნა.

„სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, 10-მდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ყველაზე დიდ მიღწევად მან ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.

„განსაკუთრებით მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია,“- აღნიშნა ტრამპმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა მუდმივი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, ყველაზე დიდი საფრთხე თვითდაჯერებულობის დაკარგვაა.

„ახლა, როდესაც თეთრ სახლს ვტოვებ, ვფიქრობ იმ საფრთხეებზე, რომელიც იმ ფასდაუდებელ მემკვიდრეობას ემუქრება. როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ერი, ამერიკა მუდმივი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საზღვარგარეთიდან. მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის საკუთარი თავისა და ქვეყნის მიმართ რწმენის დაკარგვა,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მოძრაობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მხოლოდ დასაწყისია და იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება.

„მე ვიბრძოდი თქვენთვის, მე ვიბრძოდი თქვენი ოჯახისთვის, მე ვიბრძოდი ჩვენი ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვიბრძოდი ამერიკისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ის მხარს უჭერს : ეს არის უსაფრთხოება, ძლიერება, სიამაყე და თავისუფლება. მოძრაობა, რომელიც დავიწყეთ, მხოლოდ დასაწყისია. აქამდე მსგავსი არასდროს ყოფილა. იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება, არამედ ყოველდღიურად მხოლოდ გაძლიერდება. ვიდრე ამერიკელი ხალხი გულით ატარებს ქვეყნისადმი ღრმა და ერთგულ სიყვარულს, ამ ერისთვის მიუღწეველი არაფერია.

მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს