ნინო ლომჯარია - „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებზე აგრესიას

„ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებზე აგრესიას, - აღნიშნულის შესახებ სახახლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, 2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ციხეებში არაფორმალური მმართველობისა და კრიმინალური სუბკულტურის შესახებ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა.

„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან. მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მცირდება იქიდან შემოსული მომართვები და განცხადებები.

2020 წელს შემოსული საერთო 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა და პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ არ ხმაურდება“, - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მთავრობას, პარლამენტს და პროკურატურას მიმართავს.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის; საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში", - განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა