„დემოკრატიის ინდექსი“ - უმრავლესობა ცდილობს შექმნას პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის არსებობის ილუზია და თანამდებობებით დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ უერთდება ბოიკოტს

უმრავლესობა ცდილობს შექმნას პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის არსებობის ილუზია და საპარლამენტო თანამდებობებით დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ უერთდება ბოიკოტს და აგრძელებს პარლამენტში საქმიანობას - ამის შესახებ "დემოკრატიის ინდექსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის რისკებს.

"პოლიტიკური კორუფციის დროს, კორუფციაში ჩართულნი არიან პოლიტიკური თანამდებობების პირები, რომლებიც საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების შესაბამისად იღებენ ან აღასრულებენ კანონმდებლობას. პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი ფორმა არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენება, მათ შორის, მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი ოპოზიციისთვის თანამდებობებისა და საპარლამენტო პრივილეგიების მიცემა.

კანონპროექტის მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში იმ პარლამენტის წევრებს, რომლებსაც უარი არ აქვთ საჯაროდ გაცხადებული საპარლამენტო მანდატებზე შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები. მოქმედი პროცედურების მიხედვით, დასახელებულ საპარლამენტო თანამდებობებზე, კანდიდატურის წარდგენისა და მათი დაკავების შესაძლებლობა, ოთხი დეპუტატის შემადგენლობით, ოპოზიციას არ აქვს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტში უნდა მოქმედებდეს სამართლიანი წესები, რომლითაც ოპოზიცია ჩართული იქნება საპარლამენტო თანამდებობის პირთა დანიშვნის პროცესში. ეს მოიცავს პარლამენტში ოპოზიციის რეალურ გაძლიერებას. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით კი ოპოზიციას არ ენიჭება რაიმე რეალური ბერკეტი, რაც გააძლიერებდა ოპოზიციას, რის გამოც ინიციატივა საკანონმდებლო ნორმებით მანიპულაციას ჰგავს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ძირითადი ფუნქცია არის, თავმჯდომარის და მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. დღეისათვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ყველა თანამდებობა უკავიათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

შემოთავაზებული ცვლილებებით, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერების ნაცვლად, ცალკეული პარლამენტის წევრები მიიღებენ მხოლოდ თანამდებობრივ სარგებელს, როგორიც არის:

გაზრდილი სახელფასო ანაზღაურება (ვიცე სპიკერის რანგში 2 000 ლარით მეტ ხელფასს);

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აპარატში თანამშრომლების დანიშვნის შესაძლებლობა (რომელთა თვიური სახელფასო ანაზღაურება 1 800 ლარიდან 3 500 ლარამდეა);

სამსახურეობრივი ავტომობილები (წელიწადში საშუალოდ 5-7 ტონა საწვავით);

სხვა თანამდებობრივი პრივილეგიები.

იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული თანამდებობები არ სარგებლობენ რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვით, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მოთხოვნით, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მე-9 მოწვევის პარლამენტს, ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში აღნიშნული თანამდებობების გაუქმებას მოუწოდებდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამით ცდილობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, რათა დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დაეთანხმება მათ მოწოდებას, უარს არ იტყვის მანდატზე და ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის მოწოდებას, საპარლამენტო თანამდებობების დაკავების სურვილს ღიად გამოთქვამს. შედეგად, საპარლამენტო თანამდებობები ხდება არა საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების, არამედ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რომლითაც შეინიშნება პოლიტიკური ძალების მოსყიდვის მცდელობა მათი მხრიდან პოლიტიკური ლოიალურობისა და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა