აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ბლინკენის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 22 წავიდა.

როგორც მედია წერს, ის იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ფიგურა, მსოფლიოში ალიანსების აღდგენისა და ახალი საგარეო პოლიტიკური მიდგომის ჩამოყალიბების კუთხით.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ -ნატო-ს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

„თუკი ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, მისთვის [ნატო-ს] კარი ღია უნდა დარჩეს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც სენატორ რენ პოლის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, უჭერდა თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

რენ პოლი მას არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, საქართველო რომ ნატო-ში გაწევრიანებულიყო, „ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა“, ბლინკენმა კი უპასუხა, რომ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს მხოლოდ ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ ახორციელებს.

„მე საწინააღმდეგოს ვფიქრობ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატო-ში, არ არიან რუსეთის აგრესიის სამიზნეები“, – განაცხადა ბლინკენმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს