გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩეხ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა.
„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო წვრთნებისა და განათლების, ასევე სამხედრო მრეწველობის/ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























