ალექსეი ნავალნი პუტინზე - რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, ის ისტორიაში შევა როგორც მომწამვლელი ლაჩარი

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოპონენტებთან მისი ბრძოლის მეთოდები გააკრიტიკა.

„ვიღაცას ძალიან ძალიან უნდოდა, რომ მე ერთი ნაბიჯი არ გადამედგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და არ დავბრუნებულიყავი, როგორც თავისუფალი ადამიანი. იმ მომენტიდან, როდესაც საზღვარი გადავკვეთე, პატიმარი აღმოვჩნდი. ჩვენ ვიცით, რატომ მოხდა ეს. ამ ყველაფრის მიზეზი ბუნკერში მყოფი ერთი ადამიანის სიძულვილი და შიშია. იმიტომ მოხდა ეს, რომ მე მას სასიკვდილო შეურაცხყოფა მივაყენე იმ ფაქტით, რომ უბრალოდ გადავრჩი, მას შემდეგ რაც მისი ბრძანებით ჩემი მოკვლა სცადეს. მე გადავრჩი კარგი ხალხის - პილოტებისა და ექიმების წყალობით. ამის შემდეგ მას მე კიდევ უფრო მეტად ვაწყენინე, რომ გადარჩენილი არ დავიმალე სადღაც ბუნკერში. ამის შემდეგ კი მოხდა უარესი საშინელება. არა მხოლოდ გადავრჩი, არამარტო არ შემეშინდა და არც დავიმალე, არამედ მონაწილეობა მივიღე საკუთარი მოწამვლის გამოძიებაში. ჩვენ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ სახელდობრ პუტინი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამოყენებით, იყო ის, ვინც განახორციელა ეს მკვლელობის მცდელობა და მე არ ვიყავი ერთადერთი. ეს არის ის, რაც აგიჟებს ამ ქურდ კაცს თავის ბუნკერში. აი სწორედ ეს ფაქტი, რომ ყველაფერი გამოვლინდა, გესმით? არანაირი რეიტინგი არ არსებობს. არანაირი დიდი მხარდაჭერა არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ იმისათვის, რომ გაუმკლავდეს პოლიტიკურ ოპონენტს, რომელსაც არც ტელევიზია აქვს და არც პოლიტიკური პარტია, საჭიროა მხოლოდ მისი მოკვლა ქიმიური იარაღით სცადოს. რა თქმა უნდა, ის უბრალოდ გიჟდება ამაზე. რადგან ყველა დარწმუნდა, რომ ის მხოლოდ ჩინოვნიკია, რომელიც შემთხვევით არის დანიშნული პრეზიდენტად. ის, ვისაც არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე დებატებსა და არჩევნებში. ეს არის მისი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი - სცადოს ხალხის მოკვლა. რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, მისი მთავარი უკმაყოფილება ახლა ჩემ მიმართ არის ის, რომ ის ისტორიაში შევა როგორც მომწამვლელი. ჩვენ გვეყოლება ვლადიმერ მომწამვლელი ლაჩარი. ზუსტად ასე შევა ის ისტორიაში“, - განაცხადა ნავალნიმ სასამართლოზე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შეაშინონ ხალხის დიდი მასები.

„ყველას მივესალმები, ვინც იბრძვის და ვისაც არ ეშინია. ყველა პატიოსან ადამიანს. მე მივესალმები და მადლობას ვუხდი „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა პატიმრობაში არიან, ქვეყნის მასშტაბით ყველას, ვისაც არ ეშინია და ქუჩაში გამოდის, რადგან მათ ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ჩვენ ვითხოვთ ნორმალურ სამართლიანობას, ჩვენს მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას, არჩევნებში მონაწილეობას, მონაწილეობას ეროვნული სიმდიდრის განაწილებაში. დიახ, ჩვენ ამ ყველაფერს ვითხოვთ. მე ვითხოვ დაუყოვნებლივ თავისუფლებას საკუთარი თავისთვის და სხვა დაპატიმრებულთათვის. მე არ ვეთანხმები თქვენს ბრალს, ეს არის სრულიად ყალბი, ის არ შეესაბამება კანონს და მე ვითხოვ ჩემს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს. 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ 30 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „ივ-როშესა“ და 16 მილიონი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „კიროვლეს“ საქმეებზე დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2017 წლის აგვისტოში კი, გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამვლის გამო ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანილი ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს