ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ აწყობს, შეთანხმება არ იყოს მიღწეული და წარმოაჩინოს ოპოზიცია არეულობის მოსურნედ - ქვეყნის ინტერესებშია ოპოზიციის 100% შევიდეს პარლამენტში

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი, ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციის რიგებში იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლების მიერ შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაშიც, არ შევიდოდნენ პარლამენტში, „სრული სიცრუეა“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ერთ-ერთი მისი კოლეგის მხრიდან ითქვა: მივაღწიოთ შეთანხმებას, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ შეასრულოს ეს პუნქტები და შემდეგ შევიდეთ“.

ჯაფარიძის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, შეთანხმება არ იყოს მიღწეული და წარმოაჩინოს ოპოზიცია, როგორც არეულობის მოსურნე და უპასუხისმგებლო.

,,არცერთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე არ უთქვამს, რომ შეთანხმების მიუხედავად, ისინი პარლამენტში არ შევიდოდნენ. ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის მხრიდან ითქვა ასეთი რამ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ შეასრულოს ეს პუნქტები და შემდეგ შევიდეთ. მათ ლოგიკური უფლება ჰქონდათ, რომ ეთქვათ ეს. რამდენადაც ჩვენ ვნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა ბევრჯერ არ შეასრულა მანამდე. ნეტავ, დაგვთანხმებოდნენ ოთხივე პუნქტზე და ამ პრობლემას ჩვენ გადავლახავდით, მაგრამ ეს არაკეთილმოსურნეების მხრიდან არასწორად იყო ატაცებული.

თუ შევთანხმდებით ოთხივე პუნქტზე ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩვენ დაუყონებლივ უნდა შევიდეთ პარლამენტში. აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაცია. შეიძლება რაღაც ნაწილი განსხვავებულად ფიქრობდეს, თუმცა ამით არაფერი არ ზიანდება.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შეთანხმება არ უნდათო, შეთანხმება ყველას უნდა. ეს სპეკულირება და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ წარმოადგინონ თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულია და მოლაპარაკება არ უნდა. არ არსებობს იმ მაგიდის ირგვლივ ადამიანი, რომელსაც შეთანხმება არ უნდოდეს. გაცილებით მეტად უნდათ შეთანხმება ვიდრე „ქართულ ოცნებას“. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, შეთანხმება არ იყოს მიღწეული და წარმოაჩინოს ოპოზიცია როგორც არეულობის მოსურნე და უპასუხისმგებლო. სინამდვილეში, თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი გარეთ დარჩა ეს ნიშნავს, რომ კრიზისი გრძელდება და პოლიტიკური მშვიდობა არ გვაქვს. ქვეყნის ინტერესებშია ოპოზიციის 100% შევიდეს შიგნით, რომელიც გარეთ არის“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა