საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-8 როტაცია დაიწყო

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-8 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა მიმართა, სწავლების დაწყება მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების ცნობით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP). მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი აღნიშნულ სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება, სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე საბრძოლო სროლებსა და წვრთნების მენეჯმენტს დაეუფლებიან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბატალიონს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრთან ერთად ამერიკის არმიის ინსტრუქტორები მოამზადებენ და მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა მზადყოფნის პროგრამაში ჩართვამდე, 6 თვიანი წინამოსამზადებელი სწავლება სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიარა.

სწავლება 2021 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა