აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება.
პროცესი 4-საათიანი დებატებით გაიხსნება, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა აღნიშნული საქმე არაკონსტიტუციური.
პროცესი ოთხშაბათს დებატებით გაგრძელდება, რომლის დროსაც თითოეულ მხარეს პრეზენტაციების წარსადგენად 16 საათი მიეცემა.
დონალდ ტრამპს ბრალი 6 იანვრის ამბოხის წაქეზებაში ედება. მისმა ადვოკატებმა იმპიჩმენტის ბრალდებებს ოფიციალურად უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში საკუთარი სურვილისა და შეხედულებების გამო შეიჭრნენ.
დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად სენატის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა მისმა თანაგუნდელებმა, 17-მა „რესპუბლიკელმა“ სენატორმაც უნდა მისცეს.
შეგახსენებთ, 14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა და ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.