“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - პარლამენტმა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ ინიციატივის განხილვა უნდა განაგრძოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიზანშეუწონლად მიჩნევას ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიღებაც ხელს შეუწყობს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებისკენ.

,,იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ წინა მოწვევის პარლმენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც საქართველო ამჟამად ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში დგას.

რეგლამენტის თანახმად, წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 4 თვეში ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

მე-9 მოწვევის პარლამენტში, 2020 წლის 31 აგვისტოს, ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის და დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ. კანონპროექტთა პაკეტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლის და პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევების ქმედით გამოძიებას, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას, ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების სათანადო მექანიზმების შექმნას, რაც წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატირების საგანს წარმოადგენდა.

ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია; თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი; კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.

კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პრაქტიკულად ყოველკვირეულ რეჟიმში აქვეყნებს მასალებს მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდოდ კორუფციაში ჩართულობის შესახებ, რასაც უმეტეს შემთხვევაში ეფექტური გამოძიება არ მოყვება და შესაბამისად, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება მრავალი მსგავსი შემთხვევა. უარყოფითი ტენდენციები შეინიშნება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით ცხადი გახდა პამდემიის პერიოდში. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ნეპოტიზმი, რადგანაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები ხშირად საჯარო სამსახურში მათი ოჯახის წევრებს ასაქმებენ. მნიშვნელოვანი პრობლემები ვლინდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე შემაშფოთებელია საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები. გამოკითხულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული ანტიკორუფციული სისტემა სათანადოდ ვერ უმკლავდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების ამოცანას. ანტიკორუფციული რეფორმების შეჩერების გამო წლებია არ გაუმჯობესებულა საქართველოს შედეგი „კორუფციის აღქმის ინდექსში.“

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიღებაც ხელს შეუწყობს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე