ამერიკელი სენატორების უმრავლესობა ჯო ბაიდენს მოუწოდებს, თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ უბიძგოს

აშშ-ის სენატის უმრავლესობამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ უბიძგოს.

Reuters-ის ინფორმაციით, 100 სენატორიდან ორმოცდათოთხმეტმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მარგინალიზაციაში, კრიტიკული მედიის გაჩუმებაში, ჟურნალისტების დაპატიმრებასა და დამოუკიდებელი მოსამართლეების მოშორებაშია დადანაშაულებული.

„მოგიწოდებთ, გარკვევით განუცხადოთ პრეზიდენტ ერდოღანსა და მის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ განსხვავებული აზრის ჩახშობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები და შეცვალონ ავტორიტარული კურსი“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები.

შეგახსენებთ, გასულ წელს ვაშინგტონმა ანკარას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. ნატოს მოკავშირე თურქეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბაიდიენის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.

Reuters-ი წერს, რომ ბაიდენმა, თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ არსებული სიტუაციის გამო, შესაძლოა, ანკარას მიმართ უფრო მკაცრი დამოკიდებულებაც გამოიჩინოს. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ერდოღანის მთავრობამ თითქმის 300 000 ადამიანი დააკავა, 150 000-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე დროებით ან სამუდამოდ გაათავისუფლა, დახურა ასობით მედია საშუალება და ათობით ოპოზიციონერი დეპუტატი დააპატიმრა.

იხილეთ ვიდეო:ამერიკელი სენატორების უმრავლესობა ჯო ბაიდენს მოუწოდებს, თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ უბიძგოს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს