დანიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური შვიდი ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება, რომლებიც ტერორისტული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ერთი ან რამდენიმე ტერაქტის მომზადებაში, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შეძენაში“.
მათი დაკავება 6-8 თებერვალს, მასშტაბური ოპერაციის შედეგად განხორციელდა, რომელშიც რამდენიმე რეგიონის სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. მათი კიდევ ერთი თანამოაზრე გერმანიაში დააკავეს. დაკავებულთა ეროვნება, მოქალაქეობა და რელიგიური კუთვნილება არ სახელდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ნორვეგიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 16 წლის სირიელი მოზარდი დააკავეს.