უკრაინის საგარეო უწყება გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომ 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ შეწყვიტოს აგრესია საქართველოს, უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია.

უკრაინა მოითხოვს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე.

„მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში. „გადაწყვეტილება" ასევე ადასტურებს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს, მოახდინოს დესტაბილიზაცია უსაფრთოხების და ჰუმანიტარული კუთხით, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სრულიად რეგიონში.

რუსეთი ახდენს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და „თამაშობს" ადამიანების ბედით, ფაქტობრად მძევლად ჰყავს ისინი აყვანილი, რათა ემსახურონ მის დანაშაულებრივ პოლიტიკურ მიზნებს. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპირება და იგი პასუხისმგებელია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

უკრაინა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“,-აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა