სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 65 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების ასაცრელად არ გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტო აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მანამდე არ გამოიყენებენ, სანამ მისი ეფექტურობის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გახდება ხელმისაწვდომი.
ამასთან, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში ვაქცინების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული შეფერხების გამო, სამხრეთ კორეა, რომელიც მანამდე ირწმუნებოდა, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს 1.3 მილიონ ადამიანს აცრიდა, ახლა აცხადებს, რომ აღნიშნული პერიოდისთვის 750 000 ვაქცინირებული მოქალაქე ეყოლება.
ამასთან, ქვეყნის ხელისუფლებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომელსაც მოსახლეობის ასაცრელად დაამტკიცებდა, AstraZeneca-ს ვაქცინა იქნებოდა და მას ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში გამოიყენებდნენ.
სამხრეთ კორეის ვაქცინაციის პროგრამას 26 თებერვალს, მედიკოსებისა და ვირუსის მიმართ დაუცველი მოქალაქეების აცრით იწყებს.