მედია - სტრასბურგის სასამართლომ ავღანეთში განხორციელებული ავიადარტყმის საქმეზე გადაწყვეტილება გერმანიის სასარგებლოდ გამოიტანა

გერმანიის სასამართლოებმა და პროკურორებმა საფუძვლიანად გამოიძიეს 2009 წელს გერმანელი ოფიცრის განკარგულებით ავღანეთის ქალაქ კუნდუზთან განხორციელებული ავიაიერიში, რომელსაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გერმანიას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ დაურღვევია.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ავღანელმა აბდულ ჰანანმა შეიტანა, რომელმაც აღნიშნული ავიაიერიშის დროს ორი შვილი დაკარგა. მამაკაცის მტკიცებით, გერმანიამ მისი შვილების სიცოცხლის უფლება დაარღვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ ავიადარტყმასთან დაკავშირებით გერმანიის პროკურორების მიერ ჩატარებული გამოძიება და შემდგომ კი სასამართლო საქმეები ადეკვატური იყო და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საქმე ეხება 2009 წლის სექტემბერში ნატო-ს ძალების ავიაიერიშს, რომელსაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაიერიში გერმანელი ოფიცრის განკარგულების თანახმად მაშინ განხორციელდა, როცა გერმანიის სამხედრო ბაზასთან 7 კილომეტრის მოშორებით ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, საწვავის ორ მოპარულ ავზს გარს ეხვეოდნენ და იქიდან საწვავის ამოღებას ცდილობდნენ. გერმანელმა ოფიცერმა, იმის შიშით, რომ ავზები შეიძლებოდა თალიბებს მოძრავ ბომბებად გამოეყენებინათ, მათი განადგურების განკარგულება გასცა, რასაც აფეთქება და მსხვერპლი მოჰყვა. გერმანელმა პროკურორებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ოფიცერს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონდა და დარტმის განხორციელება საერთაშორისო სამართლის თანახმად გამართლებული ქმედება იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა