ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კომპანია Pfizer-დან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და მკურნალობის ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოპარვა სცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ციფრული ჯაშუშობის ფაქტები, რომელთა სამიზნე ჯანდაცვის ორგანოები, ვაქცინებზე მომუშავე მეცნიერები და ფარმაცევტული კომპანიები არიან, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გახშირდა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერული ჯგუფები უახლესი გამოკვლევებისა და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ.
სამხრეთ კორეის პარლამენტის სადაზვერვო კომისიის წევრმა ჰა ტაე-კეუნგმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომლის წინააღმდეგაც ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს, Pfizer-იც იყო.
„კიბერ თავდასხმების დროს შეეცადნენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და მკურნალობის ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოპარვას,“- განაცხადა ჰა ტაე-კეუნგმა.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მათ აღკვეთეს მეზობლის ყველა მცდელობა, გაეტეხათ იმ სამხრეთ კორეული კომპანიების მონაცემები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ.