თუ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია სრულად არ იქნა წარმოდგენილი, მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საბოლოოდ იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს თუ რა მოხდა არჩევნებზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაემატებიან.
„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი, რომ პრინციპულად არ ვიზიარებთ კომისიაში მონაწილეობას. ჩვენ ვამბობთ - იმისთვის, რომ ამ კომისიამ გამოავლინოს და დადოს შედეგი, უნდა პასუხობდეს მთავარ არსს, რაც არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს წარმოდგენილი სრულფასოვნად. ოპოზიციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებლები 3 800-ვე უბანზე, რომლებმაც რეალურად მოახერხეს და მოაგროვეს ინფორმაცია, ეს ხალხი თუ არ იქნება ამ ყველაფერში ჩართული და ვხედავთ, რომ ისინი უარს აცხადებენ ამაზე, მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საბოლოოდ იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს რა მოხდა არჩევნებზე?! მთლიანობაში, კომისიამ რომ დადოს სრულფასოვანი დასკვნა, ამისთვის აუცილებელია ოპოზიცია იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი და კომისიის არსიც ამაში მდგომარეობს, ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ამაში მონაწილეობისგან. თუ სურათი შეიცვლება და ამ კომისიას დაემატებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ მონიტორიგს და ჰყავდათ წარმომადგენლები, შემდეგ ჩვენ სიამოვნებით ჩავერთვებით პროცესში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.