ნიკა მელია - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, ეს შიშით იქნება ნაკარნახევი

„ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს მის მიმართ სასამართლომ, ყველა შემთხვევაში შიშით ნაკარნახევი იქნება.

როგორც მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკუთარ გეგმებზე არ საუბრობს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, (მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ, როცა მსჯელობენ, აანალიზებენ და აქედან გამომდინარე, დასკვნა გამოაქვთ და მერე განაჩენს წერენ). უბრალოდ, გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში, ეს შიშით ნაკარნახევი იქნება. ორი გადაწყვეტილება იქნება - ერთი, მურუსიძის სასამართლოს პატიმრობას გააფორმებინებენ, რომელიც შიშით ნაკარნახევი იქნება და მეორე შემთხვევაში არდაპატიმრებაც ასევე შიშით განპირობებული და ნაკარნახევი იქნება. შიში რას გააკეთებინებს დღეს „ქართულ ოცნებას“, დაპატიმრებაზე სანქციას გამოატანინებს თუ პირიქით, დაველოდოთ და ვნახოთ....გეგმებზე არ ვსაუბრობ, გეგმებს ვახორციელებ. რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ. რატომ უნდა გავუადვილო ახლა ცხოვრება გავრილოვ - ბიძინა ივანიშვილს“ , - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს