არჩილ თალაკვაძე - დღეს თუ ოპოზიციამ ნიკა მელია ოფისში მოინახულა, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: „მივიდნენ მის სანახავადა“, ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ერთგულები არიან

დღეს თუ ოპოზიცია გარკვეული განცხადებებით გამოდის და ნიკა მელია ოფისში მოინახულეს, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: „მივიდნენ მის სანახავადა“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია მისი ერთგულია და მის გარშემო არის შემოკრებილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ამ ოპოზიციასაც თავისი კონკრეტული არგუმენტები და ზოგიერთს კონკრეტული ვალდებულებები აქვს, თუ რატომ არის მისული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში“.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „მონური მორჩილების“ დემონსტრირება მოხდა, როცა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უმრავლესობაში არცერთი მოწინააღმდეგე არ აღმოაჩნდა, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ მონობა არსებობს, ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ამისი ნათელი მაგალითი, რადგან „ცოტა ხნის წინ მელიამ საზოგადოებას საკუთარი გეგმები, გუნდის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, პარტიულ საქმიანობას აპირებდა და ახლა სრულიად სხვა რამეს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით“.

„მე ვფიქრობ, ნიკა მელია არ არის მთელი ოპოზიციის ლიდერი, ვიტყოდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ის არ არის ლიდერი, ვინაიდან რეალური ხელმძღვანელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი.

თუ ვინმეს აქვს მონური დამოკიდებულება საკუთარ უფროსთან, ეს სწორედ ნიკა მელია გახლავთ და ამ შემთხვევაში, ის აკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი კარნახობს, ვინაიდან, ჩვენ სამი კვირის წინ, როდესაც განახლებული გუნდი წარუდგინა საზოგადოებას, მელიას ჰქონდა გეგმები, ის აპირებდა პარტიულ საქმიანობას და უცებ აღმოჩნდა, რომ სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანები - აი, თუ მონობა არსებობს, ზუსტად ეს არის მონობის მაგალითი. მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ, ზუსტად სააკაშვილი, ნიკა მელია და ეს რადიკალური ოპოზიცია იყო, რომლებიც თავს ესხმოდნენ და პირდაპირ შეტევა დააორგანიზეს ადამიანის ღირსებაზე, უმძიმესი შეურაცხყოფები მოვისმინეთ, მაგალითად, ალექსანდრე ელისაშვილის ან თუნდაც იაგო ხვიჩიას მისამარით და რას ითხოვდნენ ხომ არ გახსენდებათ? ითხოვდნენ მონურ დამოკიდებულებას ოპოზიციის შიგნით, მითუმეტეს, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, თურმე უფლება არ აქვს ერთი ან მეორე პარტიის ლიდერს, რომ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს საკითხებთან. ეს არის მონური დამოკიდებულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ისინი ითხოვდნენ თავისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მონობას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, რომლის უმრავლესობამ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა, თუკი მელიას დაკავების შემთხვევაში ქვეყანაში მოვლენები მშვიდობიან ფარგლებს გასცდება, თალაკვაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც კანონს არღვევს.

„პასუხისმგებლობა არის იმაზე, ვინც არღვევს კანონს. პარლამენტმა მიიღო საკუთარი რეგლამენტისა და კანონის ფარგლებში ეს გადაწყვეტილება, ჰქონდა ამის უფლება, ჰქონდა მტკიცებულებები, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და პარლამენტმა ეს გადაწყვიტა. შესაბამისად, ახლა ჯერი და საბოლოო სიტყვა არის სასამართლოზე. მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება ყველა ასეთ შემთხვევაში აღსრულდება ზედმიწევნით, ვინაიდან მომავლის საქართველო არ არის ის საქართველო, სადაც შეიძლება იერიში მიიტანო პარლამენტზე, ცესკოზე, ან განაცხადო, რომ შენ ხარ კანონგარეშე, კანონზე მაღლა დგახარ და დანარჩენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს, მაგრამ შენ არ დაემორჩილები. ის, რასაც ამ წუთებშიც აკეთებს მელიას გუნდი, არის პროვოკაცია სახელმწიფოზე, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს