საია-ს თავმჯდომარე - თუ შსს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე მიუთითებს, აქ ისმის წმინდა სამართლებრივად კითხვა, რა შუაშია პრემიერის გადადგომა?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის შეფასებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გეგმავდა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ამასთან კავშირში არ არის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ნიკა მელიას საქმე არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირდება.

„თუ შსს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს, რა შუაში იყო საერთოდ პრემიერი? აქ ისმის წმინდა სამართლებრივად კითხვა, რა შუაშია აქ პრემიერის გადადგომა და საერთოდ რა საჭირო იყო პრემიერის ჩართულობა, რომ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე დაეკავებინათ. თუმცა, რეალურად, ეს ასე არ არის. ამ ყველაფერს უფრო ღრმა კონტექსტი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამართლებრივ კონტექსტს სცდება, რადგან მას პოლიტიკური კონტექსტი გააჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში უნდა აღსრულდეს და ამაზე პრემიერის გადაწყვეტილება საერთოდ არ მოითხოვება“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი შეფასებით, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დასაკავებლად ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს, ეს ქვეყანას დააზიანებს და არც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს პროცესს შეუწყობს ხელს.

„დაუშვებელია ამ პროცესებთან დაკავშირებით ძალის გამოყენება. დღეს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შსს-ს ერთი გამოსავალი აქვს, გამოიყენოს ძალა, შევიდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, შტურმი მოაწყოს და იქიდან ნიკა მელია გამოიყვანოს. თუმცა, ეს მხოლოდ ნიკა მელიას გამოყვანა არ იქნება, ბევრი „ნიკა მელიას“ გამოყვანა მოუწევთ იმიტომ, რომ წინააღმდეგობა იქნება. ეს დამატებით სიტუაციის ესკალაციას, დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც დემოკრატიულ და პოლიტიკურ პროცესებს არ წაადგება. ჩვენ შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოლაპარაკებების ეტაპი, რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია გადიან, ფაქტობრივად ჩაიშლება და ჩვენ სასურველ პოლიტიკურ შედეგს ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, ნიკა მელია ნებისმიერ დროს დააკავონ.

„სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, ნებისმიერ დროს აღსრულდეს. შეიძლება ამ წუთასაც აღსრულდეს, შეიძლება ერთი დღის შემდეგ. მანამ, სანამ ეს განჩინება ძალაშია, გადაწყვეტილება ნებისმიერ მომენტი შეიძლება აღსრულდეს“,-განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

იხილეთ ვიდეო:საია-ს თავმჯდომარე - თუ შსს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე მიუთითებს, აქ ისმის წმინდა სამართლებრივად კითხვა, რა შუაშია პრემიერის გადადგომა?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა