ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ რეპრესიები! საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად

თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება. ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, ან გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ, იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მან მხარეებს ლიეტუვას სახელით მედიატორის როლის შესრულება შესთავაზა და აქვე განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიძლება ჩამოვიდეს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრეზიდენტი, თუმცა ეს ვიზიტები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება დიალოგი და არა კონფლიქტი.

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, ლიეტუვამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ან ხდები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ან იღუპები, მეტი გამოსავალი, მათ შორის, არც საქართველოს აქვს და ამ მოცემულობის გათვალისწინებით მხარეებმა დიალოგი უნდა განაახლონ.

„მე შევხვდი ნიკა მელიას და ასევე ვაპირებ, რომ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიეტუვა არის საქართველოს კარგი, ძველი მეგობარი და ჩვენ არ მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მზად ვართ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მედიაცია, მაგრამ დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას საქმე კეთილსაიმედოდ დასრულდება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიასა და მთელს ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს რეალურად არის არჩევანი - საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად. თუ ის აირჩევს ლიეტუვას გზას, ვხედავ დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის, მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატო-ში, ლიეტუვაში მარცხენა და მარჯვენა ყოველთვის ერთად მუშაობდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ. თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინმიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება და თქვენ გაქვთ სხვა ქვეყნის მაგალითები, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა და მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია. ან თქვენ გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ. თქვენ ერთხელ უკვე განიცადეთ ომის საშინელება და ნამდვილად გსურთ ამ სტატუს- კვოში ცხოვრების გაგრძელება, რაც არაფერს მოგიტანთ? ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები ევროკავშირსა და ნატო-ს და ან იღუპები. თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა და თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, მაშინ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არა კონფლიქტის მიმდინარეობისას. თუ გსურთ ლიეტუვას გზით წასვლა, გთხოვთ განაახლეთ დიალოგის პროცესი!“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს