ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მათ საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, გუშინ მელიას უფლებადამცველებმა პატიმრობასთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განჩინება ჩაიბარეს, რომლის სარეზოლუციო ნაწილშიც ნათქვამია, რომ განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

ადვოკატის განცხადებით, სარეზოლუციო ნაწილში გაკეთებული ეს განმარტება არაკონსტიტუციურია.

„გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციური პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს და უნდა არსებობდეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს პრინციპი კიდევ უფრო მკაფიოა ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე მეტად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, ეს არის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება. ამიტომ, ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ და მიგვაჩნია, რომ მან უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას და თუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, განიხილოს ჩვენი საჩივარი. ხოლო თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლის, რომ არ უნდა დაეყრდნოს კონსტიტუციას, არამედ უნდა იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მაშინ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასევე შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიურლი შინაარსი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ან სააპელაციო სასამართლოში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნება განხილული ჩვენი საჩივარი. ჩვენ ყველა შემთხვევაში დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური,“- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა