აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კოვიდ 19-ის გავრცელების „პოტენციურ მეოთხე ტალღაზე" საუბრობს

კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელება აშშ-ში ინფიცირების "შემთხვევების პოტენციური მეოთხე ტალღის" საშიშროებას ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

”გთხოვთ, გარკვევით მომისმინოთ: შემთხვევების ამ რაოდენობით და ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, შესაძლოა, დიდი შრომის შედეგად მიღწეული მონაპოვარი დავკარგოთ. ეს ვარიანტები ძალიან რეალური საფრთხეა ჩვენი ხალხისა და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის,“ - აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.

მისი თქმით, „პოტენციური მეოთხე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კორონავირუსითან დაკავშირებით დაწესებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

„ახლა არ არის უსაფრთხოების იმ მნიშვნელოვანი ზომების შესუსტების დრო, რომელსაც კოვიდ 19-ის გავრცელების შეჩერება შეუძლია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევაჩეროთ პოტენციური მეოთხე ტალღა ამ ქვეყანაში,“- აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, პანდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსის 28.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან ვირუსს 513 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი იანვრის პიკის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ინფიცირების რაოდენობის მატება შეიმჩნევა.

ამჟამად მსოფლიოში კოვიდ 19-ის რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტებს განსაკუთრებით რამდენიმე მათგანი აწუხებთ: ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები, რომლებიც როგორც ჩანს, უფრო გადამდებია.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კოვიდ 19-ის გავრცელების "პოტენციურ მეოთხე ტალღაზე" საუბრობს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს