მაკა ბოჭორიშვილი - მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა

მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას ასოცირებული პარტნიორების მიმართ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები არის ევროკავშირის ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებზე სიღრმისეული მსჯელობა გაიმართა უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

„სწორედ, ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული მზაობა, პირადად ჩაერთოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში და ევროკავშირმა შეასრულოს მედიატორის როლი ამ პროცესში, რაც წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის უპრეცედენტო გამოხატულებას და უმნიშვნელოვანეს გზავნილს პოლიტიკური აქტორებისთვის. მისივე განცხადებით, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილური განვითარება, დემოკრატიული პროცესების კანონიერ ჩარჩოებში წარმართვა, არის მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით და მონაწილეობით, გუშინ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რაც ქმნის პოლარიზებულ გარემოს ქვეყანაში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართოს დიალოგის რეჟიმში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 16- 17 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა და საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან, პირადად გამოითქვა სურვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაგრძელდეს მუშაობა დიალოგთან დაკავშირებულ საკითხებზე და იგი პირადად არის დაინტერესებული ნახოს პროგრესი ამ დროისთვის“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე ისაუბრა შარლ მიშელის მიერ საოკუპაციო ხაზის მონახულებაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად ნახა თუ როგორ გამოიყურება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ და თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს მას მოსახლეობისთვის. ასევე, რუსული შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ, დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ასევე, პირადად გამოხატა მზაობა, რომ დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს კოვიდ 19-თან ბრძოლის საკითხებში, ვაქცინის მოწოდების თემა გახლდათ შეხვედრებზე ერთ-ერთი საკითხი და შარლ მიშლის განცხადებით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს ვაქცინა, დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, რაც უპირობოდ წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური აღდგენის წინაპირობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა