თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, რადგან ერთ კომპონენტში ვართ წარუმატებელი, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება

უარყოფითი გარღვევა დაგვემართა ერთ კომპონენტში, მარტო ვაქცინის შემოტანის კომპონენტში, ცუდია და ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არ შეიძლება თქმა, რომ რახამ ერთ კომპონენტში ვართ წარუმატებელი, არაფრად არ უნდა ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, პანდემიასთან ბრძოლა ვაქცინაციის გარდა სხვა უამრავ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ეპიდსიტუაციის კონტროლს, კონტაქტების კვლევას, ლოკალურ და გაფართოებულ შეზღუდვებს, მკურნალობას, ჰოსპიტალური სექტორის მომზადებასა და მობილიზებას, საწოლფონდის მობილიზებას, ონლაინ კლინიკებს, ბინაზე მომსახურების გაუჯობესებას, კოვიდსასტუმროებს, მკურნალობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებს. ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა ამ კომპონენტში მოწინავე იყო და მხოლოდ ვაქცინის შემოტანის ნაწილში ჩამორჩა სხვა ქვეყნებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა ვინმემ პასუხი ვაქცინის შემოტანის დაგვიანებაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ბევრ ობიექტურ მიზეზზე იყო დამოკიდებული, რაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეუძლებელს ხდის.

„მე არ ვიცი ბევრი რამე, მე არ ვიცი, რატომ და როგორ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა, შესაძლოა, ეს მართლაც ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, სადაც ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს იზამდა. შეიძლება იყო რაღაც მომენტები, სადაც შეიძლებოდა უფრო ეფექტიანი ჩარევა და საქმიანობა, ამიტომ მე ვერ გეტყვით, ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგოს თუ არა, მაგრამ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სულ მსოფლიოში მთელი მოსახლეობის 4,5%-ია დღეს აცრილი, 300 მილიონი ადამიანია აცრილი 7 მილიარდიდან. ახლა ასე თუ მივუდგებით საკითხს, ყველამ, ვინც ვაქცინა ვერ შემოიტანა, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს რთული პროცესია. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ბიუროკრატიაზე, ვაქცინების დეფიციტზე საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად აქ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და თუ არის რომელი რგოლის, ჩემთვის ამის თქმა შეუძლებელია. მე ვიცი, რომ ხელისუფლება, როგორც პრემიერის აპარატი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებდა რაც მათ შესაძლებლობებში იყო, რამდენად ეს ყველაფერი საკმარისი გამოდგა თუ არ გამოდგა, ეს არ ვიცი,“- განაცხადა ცერცვაძემ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ უნდა დადგეს, თუ ქვეყანა ვაქცინას მიიღებს, თუმცა მის ათვისებას ვერ შეძლებს.

„რამდენადაც მე ვიცი, მხოლოდ ისრაელი ახერხებს მასობრივად მოსახლეობის აცრას, ყველა დანარჩენ ქვეყანას რაოდენობაში უჭირს. მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს ვაქცინა აქვთ და ათვისებას იმ ტემპით, რა ტემპითაც მათ სურდათ, ვერ ახერხებენ. ეს პრობლემაა ყველასთვის და პრობლემა იქნება საქართველოსთვისაც, მაგრამ აქ უნდა დავირაზმოთ და კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო სექტორმა, კლინიკურმა სექტორმა და მოსახლეობამ. აქ თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვერ შემოვიტანეთ. როცა შემოვიტანთ და მისი ათვისება ვერ შევძელით, ეს უკვე არ გვეპატიება,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოსვლის დაგვიანების მიუხედავად, რეალისტურია, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის გეგმა შესრულდეს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვაქცინაციის დაწყების ერთ თვიანი დაგვიანების აღმოფხვრა მოხდეს.

„დიახ, ვაქცინაციის დაწყებამ დაიგვიანა. უნდა შემოსულიყო თებერვლის ბოლოს და 22 მარტის კვირაში ველოდებით. ბუნებრივია, ის, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო, უნდა გადანაწილდეს დანარჩენ 9 თვეზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 1-თვიან ჩამორჩენას აღმოვფხვრით. გეგმა გათვლილია წლის ბოლომდე და 1 თვის ჩამორჩენის აღმოფხვრა დანარჩენი 9 თვის განმავლობაში რეალურია. გააჩნია, როგორ კოორდინირებულად, მონდომებით და ეფექტიანად იმუშავებს ჯანდაცვის სისტემა ამ კუთხით“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლა, სავარაუდოდ 22 მარტის კვირაში მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა