თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როსარია პუგლისთან შეხვედრა გამართა, სადაც მას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები გააცნო.

























