დავით ზალკალიანის შეფასებით, სერგეი ნარიშკინის განცხადება პროვოკაციული და ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა, შესაბამისად, სწორედ ეს არის ის, რაც რუსეთს აწუხებს. დავით ზალკალიანი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ეს არის პროვოკაციული განცხადება, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და საკითხი წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ყველა ძირითად საკითხზე არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა, მათ შორის, შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.

„რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები. როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების მხრივ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს. ასევე, ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომელიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბლინკენის განცხადება ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სენატში მისი კანდიდატურის განხილვა ხდებოდა - ნატო-ს კონტექსტში მხარდამჭერი განცხადებები, განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის მომდინარე აგრესიასა და ოკუპაციასთან მიმართებაში, ვიხილეთ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან Georgia support act-ის ხელახალი ინიცირებით. სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ. ეს არის ის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომის წარმოების მაგალითით, თუ როგორ ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში შემოიტანონ დაბნეულობა, დათესონი ნიჰილიზმი და საკითხები წარმოაჩინონ აბსოლუტურად განსხვავებულად და იმ კონტექსტიდან, როგორც მათ აწყობთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან „ქართული ოცნების“ კურსის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ნარიშკინი აცხადებს, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, ცდილობენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს