კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

შეხვედრაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებების ბედი დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიციით წარსდგება დღეს „ქართული ოცნება“ მედიატორთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზე.

„ერთი რამ არის ფაქტი, რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ნება, ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაწარმოებთ ამ მოლაპარაკებებს უკვე მესამე დღეა. გუშინ „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა საზოგადოებაში განცდა, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა თავისი ყოფნა საქართველოში და არ აპირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს. მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე და გააჩნია ხელისუფლება როგორ და რა პოზიციით წარსდგება ამ მოლაპარაკებების პროცესში, ამაზე არის დამოკიდებული მოლაპარაკებების ბედი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს