ვაჟა ბერიძე - ვერანაირი მედიატორები ვერ გვიშველიან - გამოსავლის ძიების მიმართულებით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პლებისციტი, უარეს შემთხვევაში - ვადამდელი არჩევნები

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტილოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, გრძელდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზციცას შორის დიალოგი.

არავინ ელოდა რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ თბილისში დარჩებოდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ მისცემს მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავების საშუალებას. მეტიც, დანიელსონის დარჩენა იმასაც ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას.

ამ პროცესების პარალელურად პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტად იმყოფება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღმავების საკითხებს განიხილავს.

ვიდრე საქართველოში მედიატორების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების თემას შევეხებით, ალბათ სწორი იქნება, თუ საუბარს პრემიერ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შედეგებით დავიწყებთ. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და სად ვართ?

- ევროკავშირი გონს გვიან მოეგო და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ სამხრეთ კავკასიას კარგავს. ბრექსიტის გამო ნოკდაუნიდან ძლივსძლივობით გამოსული ევროპული ელიტა ჯერ კიდევ სრულად გონს არ მოგებია.

მართალია, ბაიდენის და დემოკრატების დაბრუნებამ თეთრ სახლში „ევროპული პროექტი“ ფაქტობრივად გადაარჩინა, მაგრამ კიდევ კარგა ხანს, ვიდრე აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ახალ სტრატეგიას არ შეიმუშავებს, ევროკავშირს მარტო მოუხდება გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავება.

და აჰა, ბოლო პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში ხელიდან ეცლებათ. თბილისში ვიზიტის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მხრებს იჩეჩავდა - აქ, ბევრი რამ ახალი გავიგეო.

ევროკავშირი გონს გვიან მოეგო და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ სამხრეთ კავკასიას კარგავს

და თქვენ როგორ ფიქრობთ, მისთვის აღმოჩენა იყო ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის გავლენების ხარისხი ქართულ პოლიტიკაზე? ის, რომ ქართველებს ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია? თუ ქართული პოსტსაბჭოთა ელიტის ჩიხური აზროვნება, ერთი მხრივ, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის არაეფექტური პოლიტიკა, მარიონეტების თეატრის მეშვეობით მართვის დაუოკებელი და უსასრულო სურვილი.

მეორე მხრივ, ჭრელი ოპოზიცია, რომელსაც ფაქტობრივად მართავს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი დამოკიდებულებაში ევროპას ნეოკოლონიალიზმში სდებდა ბრალს სულ ახლახანს. თუნდაც ერთხელ და თუნდაც სადღაც გაკვრით. ასეთი რამ ევროპაში მხედველობის არიდან არ რჩებათ.

ევროპელებს არ უკვირთ, რომ აქ, საქართველოში არჩევნებში ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და სადღაც 4-5 %-ის ფარგლებში არჩევნების შედეგების გაყალბებას ახერხებს.

მაინც ცალსახად ამბობენ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და ლეგიტიმური. თუმცა, იმას ვერ გაიგებენ, როგორ ხერხდება ამ ქვეყანაში, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ 4-5%-იანი გაყალბებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამ 5%-ის მათთვის დაწერის თვალსაზრისით. და ამას ვერც ვერასდროს გაიგებენ.

მაგრამ ეს ქვეყანა, იმპერიების ტყვეობაში ხანგრძლივად ნამყოფი, ამას ჩვეულებრივ ყოველდღიურობად აღიქვამს. ქართველთა ეთნოფსიქიკა უფრო მეფისნაცვალს მოისაკლისებს, წლების მერე ცეკას მეორე მდივნის ამპლუად გარდასახულს, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში აშშ-ს ელჩის ინსტიტუტმა ჩაანაცვლა.

თუმცა, რად გინდა, ელჩი დეგნანი შესანიშნავი და გონიერი დიპლომატია, მაგრამ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ წარმოადგენს. ამიტომაც გაუთამამდნენ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ერთ-ორჯერ ხელიც კი აუქნიეს!.. აბა?!

ჰოდა, ამიტომ დაშვრნენ ევროპელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები. თუმცა, ამაოდ. მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შემიძლია გესაუბროთ ღარიბაშვილის ვიზიტზე.

დანიელსონის ვიზიტზე მკითხეთ. მისი მონაწილეობით რაც ხდება, იმას ძნელია დიალოგი ეწოდოს. თითქოს არსებობს რაღაც დოკუმენტი, რომელზეც პუნქტობრივად მიდის მუშაობა და ამას, მის პუნქტებს, ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ ხელი არ შევუშალოთ შეთანხმების მიღწევას. არადა, ბლეფია ეს ყველაფერი.

დანიელსონის ვიზიტზე მკითხეთ. მისი მონაწილეობით რაც ხდება, იმას ძნელია დიალოგი ეწოდოს. თითქოს არსებობს რაღაც დოკუმენტი, რომელზეც პუნქტობრივად მიდის მუშაობა და ამას, მის პუნქტებს, ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ ხელი არ შევუშალოთ შეთანხმების მიღწევას. არადა, ბლეფია ეს ყველაფერი

მაგიდა კარგა ხანია აყირავებულია და არა ვინმეს გამო, არამედ ოპოზიციის ულტიმატუმის გამო. ოპოზიციას მხოლოდ ვადამდელი არჩევნები აინტერესებს და უნდა, თან ამას უნდა მიაღწიოს ხელისფლებაზე ზეწოლის და მისი „დაჩმორების“ გზით, რომ მერე უკარნახოს მას სიტუაცია, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და ცესკოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ისე დაითვლის არჩევნების შედეგებს, როგორც ეს ოპოზიციის ერთ ნაწილს უნდა.

მაგიდა კარგა ხანია აყირავებულია და არა ვინმეს გამო, არამედ ოპოზიციის ულტიმატუმის გამო. ოპოზიციას მხოლოდ ვადამდელი არჩევნები აინტერესებს და უნდა, თან ამას უნდა მიაღწიოს ხელისფლებაზე ზეწოლის და მისი „დაჩმორების“ გზით, რომ მერე უკარნახოს მას სიტუაცია, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და ცესკოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ისე დაითვლის არჩევნების შედეგებს, როგორც ეს ოპოზიციის ერთ ნაწილს უნდა

სხვა შემთხვევაში, ოპოზიციის აგრესიული, მიშა სააკაშვილის მიერ მართული ნაწილი ხელისუფლებაში ვერ მოვა.

და დანიელსონი ჰგონია ვინმეს ამ სიტუაციის მომწესრიგებელი? შარლ მიშელმა მხრები აიჩეჩა და წავიდა. ბორელმა, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას განაგებს, შეცბუნებულმა ბრძანა, - მე საქართველოში არჩევნებს ვერ დავნიშნავო. ერთადერთი ქალბატონი ფონ დერ ლაიენი არ შეშფოთებულა ჯერ სათანადოდ.

რაც შეეხება ღარიბაშვილის ვიზიტს, იგი შედგა და ეს კარგია.

ოცნება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ რჩება.არჩევნებისა კი, მე არაფერი ვიციო, ღარიბაშვილმა, ვადამდელს გულისხმობდა. საპარლამენტო 2024 წელს გაიმართებაო.

- ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და მისმა პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებში არა ერთხელ გამოიყენებს სიტყვები - „პოლიტიკური კრიზისი,“ „პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზები“. არადა, შარლ მიშელის თბილისში ჩამოსვლამდე ხელისუფლება არც პოლიტიკურ კრიზისს აღიარებდა და არც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებში ჩიხს.

შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენლმა კრისტიან დანიელსონმა თბილისში დარჩენაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. მეტიც, ბევრმა ჩათვალა, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით „ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო“.

ჩვენში არსებულ ვითარებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებებს ბევრს ვისმენთ.

მაგრამ, საინტერესოა, რა დაინახეს ჩვენსავე შიდა პოლიტიკაში ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რომ მხარეებს არ აძლევენ საშუალებას ჩაიშალოს მოლაპარაკებების პროცესი?

- როგორც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნითაც კი, კრიზისი გაგრძელდება. ევროკავშირი და მისი სტრუქტურები მოსკოვის როლს ვერ ჩაანაცვლებენ ქართულ პოლიტიკაში, საიდანაც ბრძანება მოდიოდა ხოლმე შესასრულებლად.

ევროპა არ გამოდგება მსაჯულად და მოკარნახედ ჩვენი შიდა პოლიტიკისთვის. ხოლო ის, ვინც უნდა იყოს მსაჯული და განმსჯელი, - ქართველი ხალხი, ის ბოლო 30 წელია პოლიტიკიდან განდევნილია.

მას მხოლოდ კვერის დაკვრას სთხოვენ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. და ასეა 30 წელია. ამიტომაც არის, რომ პლებისციტს, რომელიც აქა-იქ ფიგურირებდა ამ კრიზისთან დაკავშირებულ პერიპეტიებში ცალსახად გაემიჯნა ყველა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

ქართველი ხალხი ბოლო 30 წელია პოლიტიკიდან განდევნილია. მას მხოლოდ კვერის დაკვრას სთხოვენ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. და ასეა 30 წელია. ამიტომაც არის, რომ პლებისციტს, რომელიც აქა-იქ ფიგურირებდა ამ კრიზისთან დაკავშირებულ პერიპეტიებში ცალსახად გაემიჯნა ყველა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც

ქართული პარადოქსია ისიც, რომ 3%-იანი „ევროპული საქართველო“ პლებისციტს ითხოვდა, ხოლო, ასე ვთქვათ, 27%-იანი „ნაცმოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ზოგმა კიდევ უფრო ბრძნული რამ სთქვა - პლებისციტის შედეგებიო სავალდებულო აღსასრულებლად არ არისო. ეს ფორმალურად, ბატონებო. ობიექტურად ჩატარებულ პლებისციტს ყველა თქვენს მიერ იგნორირებულ კანონზე მეტი ძალა აქვს.

- ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ასეთი დაინტერესება დასავლეთიდან საქართველოს მიმართ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს.

მისივე თქმით, ჩვენში განვითარებულ პროცესებზე ევროპიდან საკმაოდ მკაცრი პასუხი მოჰყვა. რა გამოდის - ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უკეთ ესმით ვიდრე ჩვენს პოლიტიკურ კლასს, რომ სამხრეთ კავკასიაში მაღალი ტურბულენციის პირობებში არასტაბილური საქართველო ქვეყნისთვის საფრთხეების შემცველია?

- ევროპის პასუხი ბუნდოვანია. მათ კარგად იციან რეალური ვითარება ჩვენს ქვეყანაში, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, დესტაბილიზაციის რეალურ საფრთხესაც ხედავენ და იმასაც, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში რუსული პოლიტიკის მიზანია ამ ეტაპზე.

ამიტომაცაა, რომ ლამის დაუჩოქონ დიალოგის მონაწილე ქართველებს და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება სთხოვონ, რისკენაც პირველი ნაბიჯი პარლამენტში მათი შესვლა იქნება.

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ დღეს თუ არა, ხვალ რაღაც შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის ნაწილი დათანხმდეს შეთანხმების რომელიღაც ვერსიას. თუმცა, გარწმუნებთ, ხელისმომწერთა შორის არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მას და სააკაშვილს ვითარების გაკონტროლების მიზერული და მირაჟული შანსი აქვს და ისიც მხოლოდ ქუჩაზე, მასობრივ საპროტესტო ტალღაზე და დესტაბილიზაციაზე გადის.

არ გამოვრიცხავ, რომ დღეს თუ არა, ხვალ რაღაც შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის ნაწილი დათანხმდეს შეთანხმების რომელიღაც ვერსიას. თუმცა, გარწმუნებთ, ხელისმომწერთა შორის არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მას და სააკაშვილს ვითარების გაკონტროლების მიზერული და მირაჟული შანსი აქვს და ისიც მხოლოდ ქუჩაზე, მასობრივ საპროტესტო ტალღაზე და დესტაბილიზაციაზე გადის

- ვიდრე იმ საკითხების განხილვაზე გადავიდოდეთ, თუ ვინ რას ითხოვს მოლაპარაკებათა პროცესში, ვინ რის დათმობას აპირებს, ასევე სავარაუდოდ, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საბოლოო ჯამში მოლაპარაკებების პროცესი, ალბათ სწორად მოვიქცევით, თუ ამ თემებზე საუბარს იმით გავაგრძელებთ თუ რით ჩავიდა ბრიუსელში პრემიერი ღარიბაშვილი და რას წამოიღებს იგი ბრიუსელიდან.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობდა ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ამ თვალსაზრისით თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში?

- პრემიერის ვიზიტი, იმედია, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას ჩვენს ქვეყანაში. მისი ვიზიტის შემდეგ ევროპელ მაღალჩინოსნებს, იმედია, უფრო ნათელი წარმოდგენა ექნებათ ჩვენს სირთულეებზე.

ვფიქრობ, ევროპელი მაღალჩინოსნებიც უფრო მკვეთრად დააფიქსირებენ საშუამავლო მისიის შესრულებისას თავიანთ პოზიციას. არ გამოვრიცხავ, ოპოზიციის ულტიმატუმს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ, ევროკავშირმა ასევე ულტიმატუმით უპასუხოს.

- რა შედეგებით დაბრუნდება ქართული დელეგაცია თბილისში ერთი მხრივ ქვეყნისთვის, მეორე მხრივ მმართველი გუნდისთვის და მესამე მხრივ მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- ვფიქრობ, მმართველი გუნდი ამიერიდან უკეთ გააცნობიერებს ვითარების მთელ სიმძიმეს, პანდემიის ეს ეტაპი, გაჩერებული ეკონომიკა და მიმდინარე ურთულესი პოლიტიკური პროცესი აიძულებს მმართველ პოლიტიკურ ძალას აღადგინოს კავშირი საზოგადოებასთან, შეწყვიტოს მოქალაქეების, მათ შორის, თავისი მხარდამჭერების „მოსახლეობად“ მოხსენიება, როგორც ამას მისი ზოგიერთი ლიდერი აკეთებს.

და 2024 წელს უნდა გაიმართოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, თუ 2044 წელს, ჰკითხოს ხალხს, თუ არ ყოფნის შორსმჭვრეტელობა და ვერ ბედავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

ვფიქრობ, მმართველი გუნდი ამიერიდან უკეთ გააცნობიერებს ვითარების მთელ სიმძიმეს... და 2024 წელს უნდა გაიმართოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, თუ 2044 წელს, ჰკითხავს ხალხს, თუ არ ყოფნის შორსმჭვრეტელობა და ვერ ბედავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას

ოპოზიციურმა სპექტრმა კი ამ დღეებიდან უნდა დაასკვნას, რომ გამოსავალი, მათ შორის მათთვის თვითგადარჩენის ინსტიქტი, უნდა კარნახობდეს კონსტრუქციულობის რელსებზე გადასვლას.

რომც შეძლოს ოპოზიციამ და ასი ათასიანი საპროტესტო ტალღა ააგოროს, მათთვის დამახასიათებელი აგრესიულობით გაიაროს ექსტრემიზმის ზღვარზე და ვითარება დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს, ამას, გამოჩნდა, რომ ევროკავშირში ვერ გაიგებენ და არ მიესალმებიან.

- შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა არა ერთხელ განაცხადა - ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა შეძლოს კომპლექსური და რთული საკითხებით დაკავება, კომპრომისზე წასვლა.

ორივე მხარეს რომ მოუწევდა კომპრომისზე წასვლა თავიდანვე ცხადი იყო. ახლა როცა თითქოს უფრო ნათელი უნდა იყოს ამ რთულ პროცესში რომელმა მხარემ რა დათმო, ვინ რა კომპრომისზე წავიდა, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება შედგება? თუ კი - რა საკითხებზე?

- ჩვენ გასული წლის ბოლოს შევაჯამეთ 2020. მაშინ მე აღვნიშნე, რომ შექმნილი ვითარებიდან ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნებოდა ვადამდელი არჩევნები. დღესაც იმავე აზრზე ვრჩები. კომპრომისი, თუ იგი პოლიტიკის პურია, ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა ხალხზე შეკითხვა პლებისციტის მეშვეობით, - მოისურვებდა თუ არა საზოგადოება მხარეების შესაძლებლობების ამ გზით გადამოწმებას.

კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა ხალხზე შეკითხვა პლებისციტის მეშვეობით, - მოისურვებდა თუ არა საზოგადოება მხარეების შესაძლებლობების ამ გზით გადამოწმებას

რადიკალებისთვის, მათი ლიდერის, სააკაშვილისთვის, რომელსაც არ სჯერა, რომ უმრავლესობა, თუნდაც კოალიციურ რეჟიმში, მხარს დაუჭერს, ეს მაინც იქნებოდა გონივრული კომპრომისი. თუ ასე არ მოხდება, ორი მთავარი მხარე - ხელისფლება და „ნაციონალური“ ოპოზიცია თანახმაა, მომავალი ხელისფლების და ქვეყნის ბედი ქუჩაში გადაწყდეს.

მაშინ ჩვენც, ვისაც უკვე მოგვბეზრდა ქუჩა-ქუჩა წანწალი, სხვა არაფერი დაგვრჩება, თუ არა აქციებით, შეხლა-შემოხლით და სამოქალაქო დაპირისპირებით გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი.

- კრისტიან დანიელსონმა განაცხადა -არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები“.

ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ორივე მხარე თავშეკავებით საუბრობს მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, მაგრამ დანიელსონის ამ განცხადების გათვალისწინებით აქტუალური კითხვაა - რომელი მხარე უფრო ავლენს კონსტრუქციულობას - ხელისუფლება თუ ოპოზიცია?

- ვფიქრობ, ორივე მხარე, ამ თვალსაზრისით, ერთმანეთის ღირსეული მოწინააღმდეგეა. უფრო ბავშვობისდროინდელ პოპულარულ მოთხრობას მაგონებენ ჯიუტ თხებზე, ვიწრო ხიდზე რომ შეხვდნენ ერთმანეთს და ერქაგრეხილებოდნენ და ორივე მათგანი ხიდიდან გადავარდა.

მით უმეტეს, ხიდზე გასვლის ბევრი მოწინააღმდეგეა ჩვენს ქვეყანაში და ერთ ნაწილს აგერ ქუთაისშიც ჰქონდა, ვფიქრობ, პოლიტიკური დებიუტი რიონის ხეობის დაცვის იდეით და ეგიდით.

- თუ ხელისუფლებას მოუწია მელიას ციხიდან გამოშვება, გამოდის რომ პრემიერი გახარია სწორი ყოფილა, როცა მელიას დაკავებაზე სპეცოპერაცია შეაჩერა. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მელიას დაკავებით მმართველ გუნდს არაფერი მოუგია. პირიქით, შეიძლება ითქვას, იზარალა კიდეც.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ თუ ჩვენში პროცესები ევროპული საბჭოს სცენარით განვითარდა, არა გამორიცხული პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გაუჭირდეს მმართველ გუნდის ერთიანობის შენარჩუნება.

მას შემდეგ რაც დაიწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების რეალიზაცია, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები მმართველ გუნდში და საშინაო პოლიტიკაში?

- გახარიას არც სპეცოპერაციის დაგეგმვას ეკითხებოდა ვინმე და არც მის შეჩერებას. გახარიამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა კაბინეტის მეთაურობას დათანხმდა ისე, რომ მომავალ მთავრობაში ერთი კანდიდატიც კი არ წარუდგენია თავისი თანამოაზრე.

კულუარებში საუბრობდნენ, მეზვრიშვილზე და სხვებზე, მაგრამ ოფიციალურად ეს არ გაჟღერებულა და ასეთ პირობებში მთავრობის მეთაურობას დათანხმდა. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა.

ახლაც შეცდომას უშვებს, პოპულარობის მაღალი რეიტინგი აქვს, მისი და მისი მომხრეების კომპრომატებს ეძებენ ვიღაცები, თავად კი დუმს. ამ შემთხვევაში, დუმილი ოქრო არ არის. გაიფლანგება ეს პოლიტიკური კაპიტალი, არადა, 50-60% ელექტორატისა ახალ ლიდერებს ეძებს და ახალ პოლიტიკურ ძალას ელის. ვინც ამას ვერ ხედავს, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მას გუნდის ერთიანობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. ეს არ არის პოლიტიკური გუნდი კლასიკური გაგებით. ეს პოლიტიკოსებად, ხშირად, პირდაპირ პარლამენტარებად დანიშნული ადამიანების კრებულია. ვიდრე ისინი პოლიტიკის ანბანს ისწავლიდნენ და გარკვეულ გამოცდილებას მიიღებდნენ, მინიმუ 2-3 წელია საჭირო.

კობახიძეს გუნდის ერთიანობის შენარჩუნება არ გაუჭირდება. ეს არ არის პოლიტიკური გუნდი კლასიკური გაგებით. ეს პოლიტიკოსებად, ხშირად, პირდაპირ პარლამენტარებად დანიშნული ადამიანების კრებულია. ვიდრე ისინი პოლიტიკის ანბანს ისწავლიდნენ და გარკვეულ გამოცდილებას მიიღებდნენ, მინიმუ 2-3 წელია საჭირო

ვისაც გამოცდილება, პოლიტიკურიც და ცხოვრებისეულიც აქვს, მაგალითად ვასილ მაღლაფერიძეს, ის გაერიდა კიდეც მოვლენებს, საპატიო მიზეზით, მაგრამ დასახელებული მიზეზი, სურვილის შემთხვევაში, ხელს არ შეუშლიდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დარჩენაში.

თუ რამე კითხვა ამ მხრივ დაებადება ვინმეს, უფრო ალბათ, ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის ურთიერთმიმართების მომავალთან დაკავშირებით. კალაძე ერთადერთია, ვისაც პრემიერობის და ლიდერობის რეალური ამბიცია აქვს.

ცხადია, კობახიძე ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება, ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვანია მმართველ გუნდში და საშინაო პოლიტიკაში - ვინ დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“? ვინ დააფინანსებს „იმედს“, „რუსთავი2-ს“ და „პოსტივის“?

თუ ისევ ბიძინა ცრუმაგიერი პირების მეშვეობით, ესე იგი, ბიძინა ისევ პოლიტიკაშია, როგორც მოწინააღმდეგე მხარის მედიასაშუალებებს - „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ აფინანსებს მიხეილ სააკაშვილი და მასთან ალიანსში მყოფი ბიზნესმენები, ამ ყველაფერს კი თავისუფალი მედია შეეწირა.

ჩვენ გვაქვს მთავარი პოლიტიკური ძალების რუპორები ერთი და იმავე პროგანდისტებით, რომლებიც თავიანთი პატრონების მესიჯბოქსებს ახმოვანებენ. ეს კი არანაკლები საფრთხეა ჩვენი პროდასავლური ვექტორისთვის, ვინემ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებში და პოლიტიკური სუბიექტების დემაგოგია და პოპულიზმი.

- თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან იქნა გამოშვებული, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა როლს შეასრულებს იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში?

- მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მელიას პარლამენტის შტურმის დროს კანონი არ დაურღვევია. უნდა გათავისუფლდეს რურუაც. მისი რენომე და წარსული არავის აძლევს უფლებას სახლში იარაღის კოლექციის ოფიციალურად მქონე პირი იარაღის გამო დააკავონ.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ორივე მათგანთან მიმართებაში პოლიტიკური კონტექსტის არსებობის გამო, უპრიანია ორივე მათგანის გათავისუფლება. ფორმა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მოიძებნება.

თუ საქართველოს რომელიმე მომავალ ხელისუფლებას უნდა, რომ თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენოს, მართლმსაჯულების და სასამართლოს რეფორმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამოს.

აი იმ მთავრობებს ვერავინ მოსთხოვს ამა თუ იმ სამართლებრივი გადაცდომის მქონე პირის, თუნდაც პოლიტიკოსის ციხიდან გამოშვებას.

თუ მელია გამოუშვეს, იგი იმავე როლს შეასრულებს, რასაც მანამდე. მას აქვს ქარიზმა, ენერგიული და პრინციპული ადამიანია და აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების პერსპექტივა. მაგრამ მელია სააკაშვილი არ არის და თუ იგი შეეცდება მიშას მეთოდებით თვითდამკვიდრებას, წააგებს.

ჩვენს თვალწინ ბევრი სახიფათო პროცესი და ტენდენცია იკვეთება, რომლემბაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას და მის მომავალს

ჩემი რჩევა იქნება „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ამპლუაში, პირველ რიგში, ამ პარტიის ნეგატიურ მემკვიდრეობას მკაფიოდ და ცალსახად გაემიჯნოს.

- ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობების გარდა ქვეყანაში ბევრი სხვა რამაც ხდება, როგორ შეაფასებდით მიმდინარე პროცესებს?

- მე ყველაფერ ამის ფონზე შეშფოთებული ვარ. ჩემი შეშფოთება, ცხადია, ევროპელი პოლიტიკოსების და დიპლომატების შეშფოთებას ვერ გაუტოლდება, მაგრამ არანაკლებ საფუძვლიანია.

ჩვენს თვალწინ ბევრი სახიფათო პროცესი და ტენდენცია იკვეთება, რომლემბაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას და მის მომავალს.

თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა პოლიტიკური სისტემის მდგრადობის მისაღწევად, ვერანაირი მიშელები, ბორელები და ფონ დერ ლაიენები ვერ გვიშველიან.

ამ ყველაფრიდან გამოსავლის ძიების მიმართულებით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პლებისციტი, უარეს შემთხვევაში - ვადამდელი არჩევნები

ეს მიეთ-მოეთი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, იმ ხიფათის გამოძახილია, რაც მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას მოჰყვა. როგორც ერთი მოქალაქე, არაერთხელ ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგებს და თანამოქალაქეებს, საპარლამენტო მოდელზე გადასვლის სირთულეებთან დაკავშირებით.

აღნიშნული მოდელი კონსოლიდირებული დემოკრატიის მაღალ დონეს, ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებასა და განვითარებულ, ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს უნდა დაეფუძნოს. არც ერთი ეს კომპონენტი ჩვენს ქვეყანაში სახეზე არ არის.

განსხვავებით, მაგალითად, ისრაელისგან, სადაც შესაძლოა თვეების განმავლობაში არ მოხერხდეს მთავრობის ჩამოყალიბება და მიყოლებით დაინიშნოს რამდენიმე არჩევნები. ასეთი ფუფუნების დაშვება ისრაელისგან განსხვავებით ჩვენ არ შეგვიძლია.

თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა პოლიტიკური სისტემის მდგრადობის მისაღწევად, ვერანაირი მიშელები, ბორელები და ფონ დერ ლაიენები ვერ გვიშველიან.

ამ ყველაფრიდან გამოსავლის ძიების მიმართულებით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პლებისციტი, უარეს შემთხვევაში - ვადამდელი არჩევნები.

ყველამ ყველაფერზე რაც პანდემიის პირობებში, გაჩერებული ეკონომიკის დროს ახალისებს დესტრუქციას, ხელი უნდა აიღოს ამგვარ ქმედებებზე. ყველა სადაო საკითხი საყოველთაო გამოკითხვის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. პლებისციტიც, არჩევნებიც დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს, როგორც სახელმწიფოსგან, ისე პარტიების დამფინანსებლებისგან.

ამიტომაც არიან პლებისციტის და არჩევნების წინააღმდეგნი ივანიშვილი და სააკაშვილი, რომლებიც არიან მთავარი პოლიტიკური ძალების პირდაპირი ან ირიბი დამფინანსებლები. ისევ ამაზე ფულის ხარჯვა ღირს დესტრუქციის შედეგად ნანგრევებში აღმოჩენილი ქვეყნის ხელახლა აშენებას.

ვიცი როგორც ერთი, ისე მეორე და სხვა მხარეების მომხრეებს ჩემგან, როგორც ერთი მოქალაქისა და ანალიტიკოსისგან რისი მოსმენა მოეწონებოდათ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, ბევრს არ მოეწონება და შემრისხავს, როგორც არაერთხელ.

მაგრამ ვიტყვი, რომ საერთო საქვეყნო წისქვილზე არც ანტივაქსერული რიტორიკა ასხამს წყალს და არც კამპანია არა ჰესებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე თემასთან დაკავშირებით პოსტიც კი არ დამიწერია - არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, მაგრამ ბოლო დღეებში გაჩაღებულმა ისტერიამ მაიძულა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო.

ვაქცინაცია ექსპერიმენტია, საყოველთაო და იძულებითი ექსპერიმენტი, თავისი აუცილებლობით და საფრთხეებით. ეს ცხადია, მაგრამ მისი ალტერნატივა არ არსებობს და როცა ჩემსავით საქმეში პროფესიულად ჩაუხედავი უკიდურესი კატეგორიულობით ამტკიცებს ვაქცინაციის დაუშვებლობას, ვთხოვ გააცნობიეროს, რომ სამწუხაროდ, ვაქცინის შექმნა და მასთან დაკავშირებული პროცესი დიდი ფულის და დიდი ბიზნესის ნაწილია და ამდენად ეს გრანდიოზული კომპანიები ზოგჯერ ყველაფერს კადრულობენ კონკურენტის ჩასაძირად.

ამას ხშირად ზოგიერთი სახელმწიფოს მთელი ძალა ერთვის და შედეგად ადამიანი გაუთვიცნობიერებელი და უმწეოა ამ სერიოზული საფრთხის წინაშე.

ვინც ჰესების საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობს, მათი გულწრფელობის, პატრიოტიზმის, თავდადების მჯერა, მაგრამ ეკონომიკაში და ენერგეტიკაში უფრო საფუძვლიანი ჩახედვაა საჭირო.

დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. არაპროფესიონალიზმი და პოპულიზმი ძირს იმას უთხრის, რის დაცვასაც ლამობენ, სუვერენიტეტს და განვითარების პერსპექტივას.

სახელმწიფომ სესხი აიღოს და თვითონ ააშენოს, ასეთი მიდგომა არასახელმწიფოებრივი და არაეკონომიკურია. რომელიმე პროტესტანტმა დათვალა რამდენი ენერგია დასჭირდება ქვეყანას ხუთი, ათი წლის შემდეგ? საიდან უნდა ვიყიდოთ?

არ გვაქვს ნავთობი, ბუნებრივი აირი. უნდა ვიყიდოთ რასაკვირველია. მცირე ჰესები, ქარის და მზის ენერგია და ასე შემდეგ, გლობალურ და რეალურ საჭიროებებთან მიმართებაში უნიადაგო დემაგოგიაა.

უნდა ვიყიდოთ, რასაკვირველია. ვისგან? რუსეთისგან და თურქეთისგან, სადაც მალე რუსების მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური ჩადგება მწყობრში. ეს უნდა გავაკეთოთ თან ისე, რომ არც რუსეთის ეკონომიკაზე დავრჩეთ დამოკიდებული და არც თურქეთისაზე. კარგია, გაგიხარია! თუ ამას დაემატება „ჯოს-ჯოს“, ყველაფერი თავიდან დაგვრჩება დასაწყები, 90-იანებიდან.

ასე რომ, ეს სერიოზული თემები მეტ დაფიქრებას მოითხოვს, მინიმუმ საფუძვლიან განსჯას გამოსავლის ძიების მიზნით.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი