საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თეირანმა პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს.
მისი თქმით, ირანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული მიმართულებით სიტუაციის სერიოზული გაუარესება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ირანში ბოლო დროს ბირთვული მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე და ერთმანეთს წუხილი გავუზიარეთ ამ თემაზე. ნება მომეცით გავიმეორო ძალიან გასაგებად, ამაში ბუნდოვანება არ არსებობს - ირანმა უნდა შეწყვიტოს, ვენის შეთანხმების ხელყოფის კვალდაკვალ, ბირთვული მიმართულებით სიტუაციის სერიოზული გაუარესება. ეს ეხება მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამ მხრივ, ირანმა უნდა განახორციელოს მოსალოდნელი ქმედებები და მოიქცეს პასუხისმგებლობით“, - განაცხადა მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან პარიზში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი გააგრძელებს მუშაობას საიმედო პროცესების აღდგენის მიმართულებით ამ კრიზისის დასასრულებლად.