მაია ბითაძე - საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმები გატარდა გარემოსდაცვითი მიმართულებით

გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმები გატარდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ძალიან რთულია, იყო ერთდროულად სოფლის მეურნეობის მინისტრი, იზრუნო მელიორაციაზე, ირიგაციაზე, გქონდეს წარმატებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით, წარმატებით უძღვებოდე ისეთ პროგრამას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობაში და გქონდეს წარმატებები რეგიონში და, იმავდროულად, პარალელურად ხელმძღვანელობდე უწყებას, რომელიც მუშაობს რადიაქტიურ ნარჩენებზე, გეოლოგიაზე, ჰიდროლოგიაზე, მეტეოროლოგიაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად უკავშირდება ადამიანის სამოქალაქო და სოციალურ უფლებებს.

ბითაძის თქმით, წარმატებები, რომელიც სახელისუფლებო გუნდს დაწყებული აქვს 2012 წლიდან, ასახულია ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების დოკუმენტში, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო არის ლიდერი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კუთხით რეგიონში. მისი თქმით, საქართველომ მოახერხა და დანერგა ის საფუძვლები, რასაც გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოსდაცვითი დემოკრატია ჰქვია. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი, სისტემური რეფორმები გატარდა საქართველოში ამ მიმართულებით, დაწყებული გარემოსდაცვითი მმართველობით.

„დემოკრატიული მმართველობის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ უკვე მიიღო ახალი კანონები. ეს არის ახალი კანონი გარემო ზემოქმედების შეფასების შესახებ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ორივე დოკუმენტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები საწყის ეტაპზევე იყვნენ ჩართულნი იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს ეხება.

„ასევე იქმნება ახალი სისტემა, რომელიც გარემოს დეგრადაციის რემედიაციის, რეკულტივაციას და გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას შეუწყობს ხელს, რაც წლების განმავლობაში იყო პრობლემა ჩვენი სახელმწიფოსთვის როგორც ქალაქებში, ასევე იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი რესურსების მოპოვება ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება ბიომრავალფეროვნებისა და მისი შემადგენელი ელემენტების როგორც განვითარების, ასევე მდგრადი მოპოვებისა და დაცვის კუთხით. შემოდის ტყის რესურსის გამოყენების ახლებური მიდგომები. ისეთი მიდგომები, რომელიც ჩვენს ცნობიერებასაც ცვლის. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფეროში მთავარია ქცევის შეცვლა, მთავარია ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა და ამას ჩვენი გუნდი თანმიმდევრულად მიჰყვება ყოველწლიურად", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ასოცირების ხელშეკრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი და რთული თავის - კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის სფეროში, სწორედ იმის შედეგია, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარების კუთხით.

„ის, რომ ჩვენი საწვავი როგორც ბენზინი, ასევე დიზელი, უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს და ვაფართოებთ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ცენტრებს, ის, რომ ქვეყანაში იქმნება ადრეული გაფრთხილების შეტყობინების სისტემები, ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს როგორც თავისი რესურსის მდგრად გამოყენებაზე, ასევე იმაზე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა ისარგებლონ იმ ბუნებრივი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს", - განაცხადა მაია ბითაძემ. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის მთავარი დაპირება იყო, რომ განსაკუთრებულად პრიორიტეტული იქნებოდა გარემოს დაცვის მიმართულება.

„ახალი მიმართულებები, რაზეც ახლა მუშაობა მოგვიწევს, არის გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება ეკონომიკაში. ეს არის: მწვანე ეკონომიკის ახალი მიმართულებების დანერგვა, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და ქალაქმშენებლობის მეტი დაკავშირება გარემოსდაცვით საკითხებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება და სტრატეგიული დოკუმენტი უნდა განიხილებოდეს იმგვარად, რომ ჩვენი მიზანი იყოს ზრუნვა არა მხოლოდ ახლანდელ არამედ მომავალ თაობებზეც, ეს არის სწორედ ის პრინციპი, რაზეც აგებული არის გარემოს დაცვა და ეს არის ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უკვე დანერგა გარკვეული მექანიზმები", -განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო აქვს როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას ისეთი მნიშვნელოვანი კანონების მისაღებად, რომელსაც ეწოდება წყლის მდგრადი მართვის საკანონმდებლო სისტემა. მან ასევე ისაუბრა გარემოსდაცვითი კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

„ღრმად მწამს, რომ ჩვენი გუნდი იმ მიზანს, რასაც ეკონომიკისა და ეკოლოგიის თანაბარზომიერი განვითარება ჰქვია, აუცილებლად მიაღწევს და ეს იქნება მთავარი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო გაერთიანდეს იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა