ირაკლი კობახიძე -  რამდენიმე პარტია კონსტრუქციული იყო, თუმცა დესტრუქციული პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი მოქმედებებით

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში რამდენიმე პარტია კონსტრუქციული იყო, თუმცა „ტრადიციულად დესტრუქციული პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ჩამშლელი მოქმედებებით“. ამის შესახებ კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისი არის ხელოვნური, რითაც საზოგადოება დაიღალა.

"უნდა გავმიჯნო პოლიტიკური პარტიები. იქ იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ძალიან კონსტრუქციული იყო, თუმცა ტრადიციული დესტრუქციული პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი და დესტრუქციული მოქმედებებით. ზოგადად, რთული ვითარებაა მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში, რაც მათ შორის, დაკავშირებულია პანდემიასთან. დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ პრობლემების დაძლევაზე უნდა იყოს კონცეტრირებული. ამაზე მიგვანიშნებენ არამხოლოდ ეს ელჩები, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. თუმცა, რას ვხედავთ, ჩვენ ამის მაგივრად, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული ვიყოთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხებზე ფიქრითა და მსჯელობით, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი. დროს კარგავს იგივე პრემიერი ამ უაზრო პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონცეტრირებული ეკონომიკური, სოციალური და საგარეო საკითხების მოწესრიგებაში, დროს ვკარგავთ რაღაც უაზრობაზე. ამით დაიღალა საზოგადოება. ხელოვნური კრიზისიც კრიზია, მაგრამ ეს არის ხელოვნური. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისი, ყველამ დაადასტურა რომ არჩევნები იყო სამართლიანი და კონკურენტული", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მათ ოპოზიციას ყველა მიმართულებით უამრავი რამ შესთავაზეს.

"თუმცა, ოპოზიციას ჰქონდა ულტიმატუმები, რომელიც კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ინტერესებისა და ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა. მელიამ სახელმწიფოს პირდაპირ მიაყენა შეურაცხყოფა, როცა თქვა, რომ არ გადაიხდიდნენ და ვერ დაიჭერდნენ. დღესაც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა- როცა ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმს გიყენებენ, ამ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს ამ ულტიმატუმზე პასუხის გაცემა სჭირდებათ. ხელოვნურ კრიზისებს ქვეყნისთვის ცუდი შედეგების მოტანა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციას სურს, ამ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ვერცერთი ხელოვნური კრიზისით სახელმწიფოს პრობლემები ვერ დაუდგება. დღეს დასრულდა ეს კონკრეტული პროცესი, ჩვენ ხვალიდან უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცეტრირებული იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ გვაქვს სერიოზული დღის წესრიგი. ჩვენ ხვალ უნდა გადავერთოთ იმ საკითხებზე ზრუნვაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძირეულ ინტერესებზეა კონცენტირებული", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, როდის განახლდება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა, კობახიძის თქმით, საკითხის მოგვარების არც ერთ და არც მეორე ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი პირადი აზრია, რომ მანდატები ყველა დეპუტატს შეუნარჩუნდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა